ვალის მოცულობის გაზრდის გამო დეფოლტის რისკის ქვეშ ნამდვილად არ ვდგავართ, თუმცა მომდევნო წლებში აუცილებლად უნდა გადაიდგას ნაბიჯები იმისკენ, რომ ვალის მოცულობა შემცირდეს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააკეთა.
კაკურიძემ აღნიშნა, რომ ვალის მოცულობის შემცირების ერთადერთი გზა არის ყოველწლიური დეფიციტის შემცირება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მისი თქმით, ვალის მოცულობა კიდევ გაიზრდება, რაც ქვეყანას ეკონომიკური განვითარების კუთხით რისკის ქვეშ დააყენებს. კაკაურიძის განცხადებით, ეს ეკონომიკურ განვითარებაზე დიდი წნეხი იქნება.
„პანდემიამ ქვეყნის ბიუჯეტს დამატებითი ტვირთი შეუქმნა. ეს არის დაახლოებით 7 მილიარდი ლარი, რაც საკმაოდ დიდია, ჩვენი მშპ-ს დაახლოებით 14%-ია. გასულ წელს დიდი მოცულობით სესხის აღება მოგვიწია. ეს თანხები წელს ბიუჯეტში გათვალისწინებულია. ამან გამოიწვია, რომ ვალის მოცულობის 40-42%-დან 60%-ს მივუახლოვდით და წელს მეტი გვექნება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, 2022 წლიდან რადიკალურად უნდა დაიწყოს დეფიციტის რადიკალური შემცირება და ქვეყანა ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს, 2%-ის ფარგლებში.