2019 წელს ძირითადად რეგულაციებმა შეგვზღუდა - 2020 წელს უკვე ბევრი ახალი პროდუქტის დანერგვა მოგვიწია - ასე განმარტავს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე ბესო შენგელია მოგების იმ რეკორდულ მაჩვენებელს, რომელიც მისოე-ბმა 2020 წელს მიიღეს.
ცნობისათვის, 2020 წელს მისო-ები რეკორდულ მოგებაზე გავიდნენ. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, 2020 წელი მისო-ებმა 44 853 697 ლარის მოგებით დახურეს, დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ კი 96 604 829 ლარი შეადგინა. ეს მაშინ, როდესაც 2019 წელს მხოლოდ 12 123 ლარის მოგება ნახეს.
ამასთან, გაზრდილია გაცემული სესხების მოცულობაც, კერძოდ, 2019-ში ის შეადგენდა 1,129 მლრდ ლარს, 2020 წელს კი მისო-ებმა 1,184 მლრდ ლარის მოცულობის კრედიტი გასცა.
როგორც ბესო შენგელია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს 2019 წელს დაწესებულ რეგულაციებთან ადაპტაცია მოუწია, რომლის მიხედვითაც გართულდა სესხების გაცემა, 2020 წელს კი, დაემატა ახალი პროდუქტები, მოხდა სესხების რესტრუქტრიზაცია, რაც რიცხვებშიც შესაბამისად აისახა.
„აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა იყო 2019 და 2020 წლებში. იმიტომ, რომ 2019 წელს ძირითადად რეგულაციებმა შეგვზღუდა. ადაპტაციას საკმაოდ დიდი პერიოდი დასჭირდა. 2019 წლის პირველი ნახევარი იყო რისკიანობასთან ბრძოლის პერიოდი და შესაბამისად, ახალი მოთხოვნების დანეგვა მოგვიწია იგივე სკრედიტო პოლიტიკაში, მიდგომებში და ა.შ. თვითონ პორტფელის სტრუქტურიდან გამომდინარე, სადაც 6-დან 9 თვემდე სჭირდება საშუალოდ პორტფელის ამობრუნებას და მარტივად რომ ვთქვათ, გაწმენდას რეგულაციების ფონზე. წლის მეორე ნახევარში კი, ნელ-ნელა ახალი მიდგომებით დაიწყო სესხების გაცემა.
2020 წელს უკვე ბევრი ახალი პროდუქტის დანერგვა მოგვიწია. გარდა ამისა, მოხდა ძალიან ბევრი რესტრუქტურიზაცია, რეფინანსირება და ა.შ. იგივე გადავადებები, რამაც ერთის მხრივ პორტფელის შენარჩუნებაც გამოიწვია და მოგვიწია უფრო აქტიურად მუშაობა“,- ამბობს ბესო შენგელია.