ტყიბულში, ძიძიგურის შახტის მეშახტეები გაიფიცნენ. პროტესტის ნიშნად მეშახტეები შახტიდან არ ამოდიან. როგორც “ინტერპრესნიუსს” მეშახტეთა პირველადი პროფკავშირების წარმომადგენელმა ონისე საპანაძემ განუცხადა, ძიძიგურის შახტის N4 ნახშირმომპოვებელი უბნის 11 მეშახტე სამუშაოს დასრულების შემდეგ შახტიდან ამოსვლაზე უარს აცხადებს. მისივე თქმით, ისინი მიმდინარე თვის ხელფასის დაკლებას აპროტესტებენ და მათი მოთხოვნააა გონივრული ხელფასის დარიცხვა.
მეშახტეების გაფიცვას კომპანია “საქნახშირი” გამოეხმაურა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ადმინისტრაციულ N4 ნახშირმომპოვებელი უბნის თანამშრომლები გაურკვეველი მიზეზით, უარს აცხადებენ შახტიდან ამოსვლაზე, რამაც გამოიწვია უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევა და ავარიული სიტუაცია.
“ინციდენტის დაწყების მომენტიდან კომპანია შეეცადა, გაერკვია მომხდარის მიზეზი, რის შემდეგაც იკვეთება, რომ, სავარაუდოდ, აღნიშნული შესაძლებელია უკავშირდებოდეს N4 ნახშირმომპოვებელი უბნის მუშაობის იანვრის თვის შედეგების შეჯამებას.
10 თებერვალს, დღის 11 საათზე, საქნახშირის ადმინისტრაციულ კორპუსში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის ინიციატორები იყვნენ IV უბნის ხელმძღვანელები და მოხდა იანვრის თვის შედეგების შეჯამება-განხილვა.
საერთო ჯამში, იანვრის მონაცემები და უბნების მიერ მოპოვებბული ნახშირის რაოდენობა ასეთია:
II უბანმა 6100 ტონა მოიპოვა და გეგმა 110.9 % -ით შეასრულა, რაც მოიცავს 91.01 ₾ დღეზე.
VI უბანმა მოიპოვა 5405 ტონა, გეგმა შესრულდა 108.1 % - ით. ანაზღაურებამ შეადგინა 90.00 ₾ დღეზე
IV უბანმა მოიპოვა 4660 ტონა, გეგმა შესრულდა მხოლოდ 77.7 % -ით. ანაზღაურებამ დღეზე 48.00 ₾ შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ VI და II უბნის თანამშრომლებმა იანვრის თვეში გადაჭარბებით შეასრულეს გეგმა და შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, მათ ანაზღაურებას ბონუსიც დაემატა. IV უბანმა კი გეგმის მხოლოდ 77.7 % შეასრულეს რაც შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად (რომელიც თანამშრომლებსა და კომპანიას შორის არის გაფორმებული) მათ გამომუშავებულ ანაზღაურებაზე აისახა.
N4 ნახშირმომპოვებელ უბნის თანამშრომლებისა და „საქნახშირის“ ადმინისტრაციის ერთობლივი ინიციატივით, შედგა სპეციალური კომისია, რომელიც უახლოესი 10 დღის ვადაში შეისწავლის იმ გარემოებებს, რის გამოც IV უბნის თანამშრომლებმა ვერ შეასრულეს გეგმა.
თანამშრომელთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების წესების დარღვევის ლიკვიდაციამდე, (მიმდინარე წლის 11 თებერვლის 23:55 საათიდან) შეჩერდა N4 ნახშირმომპოვებელ უბანში შახტის დამხმარე ჭაურით ხალხის ჩაყვანა. აღნიშნული ჭაურით მოხდება იმ პერსონალის ჩაყვანა და ამოყვანა, რომლებიც უზრუნველყოფენ შახტის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას.
11 თებერვლის პირველი ცვლიდან N4 ნახშირმომპოვებელ უბანში პერსონალის გადაყვანა მოხდება „მინდელის“ სახელობის შახტიდან, ვიდრე არ მოხდება აღნიშნული ვითარების ლიკვიდაცია. მათი ტრანსპორტირებისთვის გამოყოფილი იქნება ავტოტრანსპორტი”, - აცხადებენ “საქნახშირში”.