„მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა წლიდან წლამდე ვარდება. რიგ კომპანიებში რეალიზაციაც წლიდან წლამდე იკლებს და ოპერირების გაგრძელება განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში ძალიან რთულდება,“ - ამის შესახებ დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ივა ჭყონიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისივე მოლოდინით, მიმდინარე წელი გაცილებით უფრო რთული იქნება, ვიდრე 2020.
„მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა წლიდან წლამდე ვარდება. რიგ კომპანიებში რეალიზაციაც წლიდან წლამდე იკლებს და ოპერირების გაგრძელება, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში, ძალიან რთულდება. ზოგადად, მიზნობრივი მაჩვენებელი რა არის ვერ ვიგებ, უფრო სპეკულირება მგონია ხოლმე. ანუ მიზნობრივი იყო და მისაღები და კარგია, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში, ლარი 100%-ით გაუფასურდა? შესაბამისად, გაზრდილია ფასები თითქმის ყველა პროდუქციაზე, მათ შორის ქართულ წარმოებაზე. კარგია, რომ საწვავზე ფასი გაიზარდა? ფასები გაზრდილია ელექტროენერგიაზე, გაზზე, ეს ხომ ჯერ არ არის ასახული და რაღაც პერიოდში აისახება. გასაგებია, რომ რაღაც პერიოდი სუბსიდირება მოქმედებს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ არანაირი გეგმა არ არსებობს. რაღაც გეგმა რომ იყოს, ვიტყოდი სუბსიდირება გამართლებულია. თუმცა, გეგმა არ აქვთ, რომ ამ სუბსიდირების შემდეგ, რაღაც დასტაბილურდება და ფასებს შეინარჩუნებენ.
ვფიქრობ, ეს წელი გაცილებით უფრო რთული იქნება, ვიდრე 2020. საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში სწრაფად აღდგება და ნორმალური ვითარება შეიქმნება, არის აბსურდი. გასულ წელს კიდევ რაღაც ნარჩენი იყო რესურსის და ამ თანხების ხარჯვა ხდებოდა, მაგრამ დღევანდელი ვითარება განსხვავებულია და ბევრია სამუშაო. თუ გამოსავალზე ვფიქრობთ, არაერთხელ მითქვამს, რომ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება არის პირველი გამოსავალი,“-აღნიშნა ჭყონიამ.