საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს გერმანიის სოფლის მეურნეობაში დასაქმება სეზონურად, მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ.
ამის შესახებ ელჩმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ჰუბერტ ქნირშმა აღნიშნა, საქართველო არის პირველი ქვეყანა, ვისთანაც გერმანიამ აღნიშნული მიმართულებით მუშაობა დაიწყო.
„ვიწყებთ პროექტს, რომელიც გულისხმობს ქართველების დასაქმებას გერმანიაში სოფლის მეურნეობაში სეზონურად. საინფორმაციო კამპანია იწყება როგორც ინტერნეტში, ასევე შრომის სააგენტოს მეშვეობით. ეს არის შედეგი იმ ორწლიანი ინტენსიური მუშაობისა, ერთის მხრივ, საქართველოს მხრიდან, რაშიც საქართველოს შრომის სააგენტო და მინისტრი აქტიურად იყო ჩართული და მეორე მხრივ, გერმანიის მხარე და გერმანიის დასაქმების სააგენტო. როგორც ქალბატონმა მინისტრმა აღნიშნა, ეს არ არის გერმანიაში იმიგრაციის პროექტი, არამედ, ეს არის დროებითი სეზონური სამუშაო გერმანიაში, რომელიც მაქსიმუმ 90 დღეს გრძელდება. ეს იქნება სამუშაო ადგილები გერმანიაში სოფლის მეურნეობის დარგში. ჩვენ დარწმუნებული ვართ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი კარგად იცნობს ამ დარგს და შეეძლებათ წვლილი შეიტანონ როგორც გერმანიის სოფლის მეურნეობაში, ასევე, ჩამოსვლის შემდეგ თავისი ქვეყნის იგივე სფეროში. გერმანია ამ პროექტს ყველა ქვეყანასთან არ ახორციელებს, ჩვენ ამას ვიწყებთ საქართველოთი. პირველად, დიდი ხნის შემდეგ ვიწვევთ სამუშაო ძალას სხვა ქვეყნიდან. განსაკუთრებით მოხარული ვართ, რომ ჩვენ შევძელით და ამას ვაკეთებთ იმ რთულ გლობალურ პანდემიურ სიტუაციაში და განსაკუთრებით რთულ სოციალურ პირობებში, რაც ამ პანდემიამ წარმოქმნა. მოუთმენლად ველი შედეგებს ამ პროექტიდან“, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.