გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ესმის, რამდენად რთულია „ლოქდაუნი“ ხალხისთვის, თუმცა, ქვეყანა კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების შესაჩერებლად უნდა მოემზადოს.
„გერმანიას ახლა საქმე აქვს სამ აგრესიული მუტაციასთან, ქვეყანა უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ, შესაძლოა, ახალი ვარიანტები დომინანტური გახდეს და მუტაციებმა ვაქცინის წარმატება გაანადგურონ,“- განაცხადა მერკელმა ბუნდესტაგის დეპუტატებთან საუბრისას.
მისივე თქმით, შეზღუდვები მხოლოდ იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენხანსაც საჭირო იქნება.
„ჩვენზე, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოზე, არის დამოკიდებული ის, რომ შევინარჩუნოთ ეს შეზღუდვები მხოლოდ იმდენხანს, რამდენხანსაც საჭიროა - არც ერთი დღით მეტხანს - და მოვხსნათ ისინი, როგორც კი შესაძლებელი იქნება,“- განაცხადა კანცლერმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიამ კარგად გაართვა თავი კორონავირუსის პირველ ტალღას, მეორე ტალღის შეჩერება ძალიან ნელა მოხდა, თუმცა კანცლერმა იმედი გამოთქვა, რომ პანდემიას წარმატებით დაამარცხებენ.
„ბოლოს ჩვენ ერთად შევძლებთ ამ პანდემიის დამარცხებას და უკეთესი დღეები გვექნება,“- აღნიშნა მერკელმა.
შეგახსენებთ, გერმანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის რეჟიმი 7 მარტამდე გახანგრძლივდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ანგელა მერკელსა და 16 ფედერალური მიწის პრემიერებს შორის გუშინ გამართული შეხვედრის დროს მიიღეს.