ევროკავშირი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისი აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში: სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში კოვიდ 19-ის ვაქცინების განაწილებისა და ვაქცინაციის მხარდასაჭერად ერთობლივად იმუშავებენ, - ამის შესახებ ჯანმო-ს ევროპის რეგიონალური ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ინფორმაციით, პროექტი, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და რეგიონალური ოფისის მიერ არის განხორციელებული, მოიცავს კოვიდ 19-ის ვაქცინების განაწილებისა და ვაქცინაციის ყველა ფაზას.
„პროექტი ასევე იქნება მნიშვნელოვანი ინვესტიცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში იმუნიზაციის სისტემების გაძლიერების კუთხით. ეს ევროკავშირისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ევროპის რეგიონში ერთობლივად განხორციელებული უმსხვილესი პროექტია, რომლის საერთო ბიუჯეტი 3 წლის განმავლობაში 40 მილიონი ევრო იქნება. ის დაემატება უკვე მიმდინარე ან დაგეგმილ პროგრამებს, როგორიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის COVAX-ის პროგრამა და ევროკავშირის გაზიარების მექანიზმი, რათა ამ ქვეყნებში ვაქცინებზე წვდომა უზრუნველყოფილ იყოს,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის ცნობით, თანხები თავდაპირველად აღნიშნულ ექვს ქვეყანაში მზაობისა და მზადყოფნის ფაზების მხარდაჭერას მოხმარდება, აქცენტი გაკეთდება სტრატეგიულ პროგრამულ სფეროებში მოსალოდნელ საჭიროებებზე, როგორიცაა დაგეგმვა, მოწყობილობები/მასალები, ჯანდაცვის მუშაკების ტრენინგი და საინფორმაციო კამპანიები. ამას კი მოჰყვება ვაქცინების ეფექტური განაწილებისა და ვაქცინაციის მონიტორინგის მხარდაჭერა.
„პროექტი ემყარება იმ მხარდაჭერას, რასაც ევროკავშირი და ჯანმო კოვიდ-19 -ის პანდემიის მიმართ ქვეყნების რეაგირების მიმართულებით ახორციელებენ, მათ შორის ერთობლივი 35 მილიონი ევრო „ევროკავშირის სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს კოვიდ 19-ის მიმართ ეფექტურ რეაგირებას და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერებას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციების ეფექტურად აღსაკვეთად, მათთვის მოსამზადებლად და მათზე რეაგირებისთვის,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.