2020 წელს პირბადის ტარების წესის დარღვევის 59 000-მდე შემთხვევა გამოვლინდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს პირბადის ტარების წესის დარღვევის 59 000-მდე შემთხვევა გამოვლინდა.

„ინტერპრესნიუსმა“ გასული წლის განმავლობაში პირბადის ტარების, ასევე კარანტინისა და იზოლაციის წესის დარღვევის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.

უწყების ცნობით, წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის 23 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ფიზიკური პირის მიერ პირბადის ტარების წესის დარღვევის 58 848 შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვების 9 შემთხვევა დაფიქსირდა.

შინაგანს საქმეთა სამინისტრო მონაცემებით, გასულ წელს იზოლაციის ან კარანტინის წესი 4 556-მა ფიზიკურმა და 15-მა იურიდიულმა პირმა დაარღვია.

ცნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, პირბადის ტარების წესის დარღვევა ფიზიკური პირის 20 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 500 ლარით დაჯარიმებას იწვევს. ამასთან, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის − 10 000 ლარით ჯარიმდება. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.