ევროკავშირის და „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ კაპიტალის ბაზრების განვითარების გუნდი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინიცირებული პროგრამის შემუშავებასა და დანერგვას გაუწევს მხარდაჭერას. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს, პროგრამა მიზნად ისახავს კომპანიების კაპიტალურ ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებას.
სებ-ის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში შეთავაზებული ტექნიკური მხარდაჭერა, განსაზღვრული კრიტერიუმებით შერჩეულ კომპანიებს, ფასიანი ქაღალდების ბაზრის საშუალებით დაფინანსების მოპოვებასა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ინვესტიციების მობილიზებაში დაეხმარება.
„პროგრამა ითვალისწინებს ინდივიდუალური კომპანიებისთვის საჭიროებაზე მორგებულ საკონსულტაციო სერვისების/მომსახურებების მიწოდებას ან/და ფინანსურ მხარდაჭერას, ისეთ საკითხებში, როგორიცაა საკრედიტო რეიტინგის მოპოვება, კორპორაციული მმართველობის და გამჭვირვალობის გაუმჯობესება, საჯარო ემისიის პროსპექტის მომზადება და სხვა“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.