სათამაშოების უსაფრთხოების კონტროლის ამოქმედება გადაიდო. ამის შესახებ, ინფორმაციას „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (momxmarebeli.ge) ავრცელებს.
„2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილებები, რომლებიც ითვალისწინებს უსაფრთხოების მოთხოვნებისა და სახელმწიფო კონტროლის დაწესებას შემდეგ პროდუქციაზე: სათამაშოები; აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობები; ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (მექანიკური ზემოქმედებისგან, სითხეებისგან, სიცივისა და სიცხისგან/ხანძრისგან და სხვა დაცვა); მანქანა-დანადგარები (ნაწილობრივ).
ამ დადგენილებების მიღება მოხდა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში და ჯერ კიდევ 2016 წელს დამტკიცებული „სამრეწველო და სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის მრავალწლიანი სამოქმედო გეგმით“ იყო გათვალისწინებული. სხვათა შორის, ამ გეგმის თანახმად ეს დადგენილებები 2019 წელს უნდა მიღებულიყო, თუმცა, როგორც ვხედავთ, დაგვიანდა.
დადგენილებების მიღების მიუხედავად, უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვას სავალდებულო ხასიათი არ მიუღია და მეწარმეებს მიეცათ 1 წელი, რათა ახალი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მომზადებულიყვნენ. თუმცა, 2020 წლის დეკემბერში ზემოაღნიშნული მოთხოვნების ამოქმედება კიდევ 6 თვით, 2021 წლის 1 ივლისამდე გადაიდო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ამოქმედების ვადის გადაწევა მოხდა მეწარმეთა თხოვნით, რადგან მათ კორონავირუსის პანდემიის გამო, ვერ შეძლეს ახალ რეგულაციებთან საკუთარი საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანა. არსებულმა შეზღუდვებმა შეაფერხა მათი მხრიდან სათანადო კომუნიკაციის დამყარება მომწოდებელ სუბიექტებთან,“-აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.