ბოლო 2 თვის განმავლობაში რუსეთში საექსპორტო მზესუმზირის ზეთი 280 დოლარით გაძვირდა და ერთ ტონაზე 1 270 დოლარი შეადგინა.
შესაბამისად, მოიმატა ფასმა რუსული ზეთის იმპორტიორ ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც.
როგორც ზეთის იმპორტიორი კომპანია „ბარაქას“ დირექტორი, გურამ ბროძელი ,,ბიზნესპრესნიუთან“ საუბრისას აცხადებს, ფასის ზრდის ძირითადი მიზეზი მსოფლიოში მზესუმზირის 40%-ით შემცირებული მოსავალია.
,, მზესუმზირის ზეთის იმპორტზე რუსეთს არ დაუწესებია არავითარი შეზღუდვა, თუმცა მზესუმზირაზე დააფიქსირეს ფასის 30%-იანი მატება, რაც საბოლოო პროდუქტის ფასს პირდაპირ პროპორციულად ზრდის.
ამის და დოლარის კურსის გათვალისწინებით რომ შევაჯამოთ, დეკემბრიდან დღემდე ფასი 30%-ით არის გაზრდილი და მოსალოდნელია ფასის მეტად მომატება. ეს კი გამოწვეულია მსოფლიოში 2020 წელს მოსავლიანობის 40%-ით კლებით, რაც მხოლოდ რუსეთს არ შეხებია. ფასები ცხიმებზე გაზრდილია ყველგან, ამ კუთხით ზოგადად მსოფლიო ბაზარზე რთული ვითარებაა დღეს“, -განუცხადა ბროძელმა ,,ბიზნესპრესნიუსს“.
შეგახსენებთ, გასული წლის სექტემბერ-დეკემბრის მონაკვეთში მზესუმზირის ზეთის ფასი 40%-ით იყო გაზრდილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში მზესუმზირის ზეთის უმსხვილესი იმპორტიორი რუსეთია. 2020 წელს ქვეყნაში სულ 46,659.86 ტონა ზეთის იმპორტი განხორციელდა, აქედან 41,902.81 ტონა რუსეთიდან შემოტანილი პროდუქტია.