შემოსავლების სამსახურმა 24 500 კილოგრამი კარტოფილი საზღვრიდან უკან გააბრუნა. პროდუქტი ექსპორტიორ ქვეყანაში, თურქეთში გაიგზავნა.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში 24 500 კილოგრამი კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა.
კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ კვლევისთვის აღებულ ნიმუშში საკარანტინო მავნე ორგანიზმის (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა.
საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდა“, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისათვის, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც საზღვრიდან ექსპორტიორ ქვეყანას - თურქეთს კარტოფილი უკან დაუბრუნდა. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის ოქტომბერში თურქეთს 25 ათასი კგ პროდუქტი დაუბრუნდა, ნოემბერში კი - 23 450 კგ. ორივე შემთხვევაში მიზეზი კარტოფილში აღმოჩენილი კიბოს დაავადება იყო.