საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკური აღდგენის გეგმის განხორციელებაში რეგიონების ადგილობრივ ხელისუფლებასა და გუბერნატორებს დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ.
როგორც გახარიამ რუხის საფეხბურთო კომპლექსის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რეგიონებში ბევრი პროექტის განხორციელება სწორედ გუბერნატორების ეფექტიან მუშაობაზე იქნება დამოკიდებული.
„უაღრესად მნიშვნელოვანია გუბერნატორების ფუნქცია, როგორც ადგილობრივ ხელისუფლებასა და მთავრობას შორის მაკოორდინირებლის. მათ ეფექტიან მუშაობაზე იქნება დამოკიდებული რეგიონში ბევრი პროექტის განხორციელება. მოგეხსენებათ, ჩვენ საკმაოდ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვართ. გლობალურ პანდემიას ვებრძვით, ვაქცინაციის ეტაპს დავიწყებთ უახლოეს პერიოდში და ამაშიც რეგიონების როლი უაღრესად მნიშვნელოვანია. გუბერნატორები პირდაპირ უნდა იყვნენ ამაში ჩართული და პასუხისმგებლები. ეკონომიკური აღდგენის პერიოდისთვისაც ვემზადებით. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით საშუალო ბიზნესი რეგიონებში იყოს მხარდაჭერილი სწორად და მიზნობრივად. ეს იქნება ჩვენი ეკონომიკური აღდგენის გეგმის ძირითადი კომპონენტი და ამ გეგმის განხორციელებაში ადგილობრივ დონეს და გუბერნატორებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნებათ“,- განაცხადა გახარიამ.