რატომ იზრდება საწვავის ფასი - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განმარტება

ბოლო 3 კვირაში საქართველოში საწვავი 7-10 თეთრით გაძვირდა, რასაც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი რამდენიმე მიზეზით ხსნის.

როგორც მთვრალაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განმარტა, საწვავის გაძვირებას ორი უმთავრესი მიზეზი აქვს, რომელსავ მესამე, ჩინეთის ფაქტორიც ემატება. მისი თქმით, ვაქცინაცია აჩენს მოლოდინს, რომ მსოფლიო ეკონომიკა ამუშავდება, რაც გაზრდის მოთხოვნას; ამასთან, შემცირებულია ნავთობის მოპოვების კვოტები, პარალელურად კი, ჩინეთის მიერ იმპორტირებული საწვავის მოცულობა იზრდება.

„ზოგადად, მიმდინარე წელს არსებული ვითარება არაორდინალურია ნავთობის ფასთან მიმართებით. იმიტომ, რომ კვლავინდებურად პანდემიაა, მათ შორის ევროკავშირის რიგ ქვეყნებში არის საკმაოდ მკაცრი „ლოქდაუნები“. მოხმარება პრინციპში დიდად არ გაზრდილა, გასული წლის ბოლო პერიოდთან შედარებით, თუმცა მიუხედავად ამისა, ფასები იმატებს. აქ არის ორი მთავარი მიზეზი, რაზეც ანალიტიკოსები საუბრობენ: პირველი, მოლოდინები იმის, რომ ვაქცინა და ვაქცინაცია თავის ასახვას ჰპოვებს... ფაქტობრივად, რომ არა პანდემია, „ლოქდაუნები“ და მსოფლიოს ტოტალური გაჩერება, ნავთობზე მოთხოვნა არანაირად არ შემცირდებოდა, პირიქით, ეს იყო მზარდი ტრენდი. ამიტომ, მოლოდინები იმასთან დაკავშირებით არის, რომ ვაქცინაცია გარკვეულწილად გახნის ეკონომიკას და დაიწყება მოძრაობა.

მეორე კომპონენტი, რომელიც უკვე დაწყებულია გასული წლის ზაფხულიდან და მოქმედებს ფასზე, ეს არის OPEC + -ის შეთანხმება, ნავთობის მოპოვების კვოტების შემცირებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, OPEC + -ის მიერ ნავთობის ყოველდღიური მოპოვება სადღაც 9,7 მლნ ბარელით შემცირდა. როდესაც გაჩნდა ჭარბი ნავთობი, ეს ლოგიკური იყო, მსოფლიო გაჩერდა, მოთხოვნილება შემცირდა, შესაბამისად, საჭირო იყო ამ ჭარბი ნავთობის შემცირება, პირველ რიგში, ნავთობმწარმოებლებისთვის, რათა ფასი დაბალანსებულიყო და ფაქტობრივად, მათ ეს ამოცანა წარმატებით შეასრულეს. გასული წელი დამთავრდა ( მოგესხსენებათ, ნულოვანი ფასი იყო, უარყოფითიც გვახსოვს) 55 დოლარზე.

მიმდინარე ეტაპზე არსებობს ასევე ერთი ფაქტორი, ეს არის ჩინეთი. მიუხედავად იმისა, რომ იქიდან წამოვიდა ვირუსი, ეკონომიკური ზრდა ჰქონდათ და გარდა ამისა, ნავთობის მოხმარება და იმპორტი ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა. ამ დროს, ის არის მსოფლიოს ნომერ მეორე ეკონომიკა და ნავთობიმპორტიორი ქვეყანა. შესაბამისად, ამ ფაქტორებმა, განსაკუთრებით მიმდინარე წელს, ფორსირებულად მოახდინა ნავთობზე ფასების მატება. თორემ, გაძვირება დაიწყო გასული წლის მაისიდან და ეტაპობრივად, უმნიშვნელოდ ხდებოდა ზრდა.

აქვე, მინდა გითხრათ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე პლატცის მიხედვით საერთაშორისო ფასები ბენზინზე და დიზელზე, რომელზეც ჩვენ პირდაპირ ვართ დამოკიდებული, იზრდება. ბენზინის შემთხვევაში ტონაზე საშუალოდ, 100 დოლარით არის გაზრდილი, დიზელის შემთხვევაში 60-70-დოლარიანი მატებაა , ეს კი პირდაპირ გავლენას ახდენს საბითუმო ბაზარზე“,- განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

ნინი ქეთელაური