არსებული ინფორმაციით, პარლამენტში ახალი კომიტეტის - კულტურის კომიტეტის აპარატისთვის შრომის ანაზღაურებაზე გასაწევი ხარჯი თვიურად 25 700 ლარი იქნება

არსებული ინფორმაციით, პარლამენტში ახალი კომიტეტის - კულტურის კომიტეტის აპარატისთვის (საშუალოდ 11 თანამშრომელი) შრომის ანაზღაურებაზე გასაწევი ხარჯი თვიურად 25 700 ლარი იქნება.

რაც შეეხება ტექნიკური საშუალებების, საწვავის და სხვა ადმინისტრაციულ ხარჯებს, რომელიც საჭიროა კომიტეტის ფუნქციონირებისათვის, აღნიშნული ხარჯები საშუალოდ თვიურად დაახლოებით 3,596 ლარს შეადგენს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა ფრაქცია "ქართული ოცნების" ინიციატივით რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის შემადგენლობიდან კულტურის გამოყოფასა და ცალკე კომიტეტად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

"ამ შემთხვევაში ჩვენ დარგის პრიორიტეტულობაზე ვსაუბრობთ. საუბარია იმაზე, რომ მთავრობაში ცალკე სამინისტრო იქნება, რომელიც ამ დარგის პრიორიტეტულობას უსვამს ხაზს და ამ დარგზე ზრუნავს, როგორც ჩვენი ქვეყნისა და ერის იდენტურობის ერთ-ერთ მთავარ ნიშანზე. ასევე მივიჩნიეთ, რომ კულტურის პოლიტიკის განსაზღვრისათვის უპრიანი იქნებოდა ანალოგიური გადაწყვეტილება პარლამენტსაც მიეღო და ცალკე კომიტეტი შეექმნა", - აცხადებს ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.