რატომ ვერ ისარგებლა პურის მწარმოებელთა ნაწილმა ელექტროენერგიის სუბსიდიით - ,,პურის მცხობელთა ასოციაცია“

,,პორტალი მხოლოდ რამდენიმე დღე იყო ღია და ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია“, - ამის შესახებ ,,რადიოპალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე აცხადებს.

ამით დოლიძე საწარმოებისთვის დენის ტარიფის სუბსიდიის პროგრამას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მათაც კი, ვინც პორტალზე რეგისტრაცია შეძლო, ქვითრები გაზრდილი ტარიფით მიუვიდათ. დოლიძე ითხოვს, მიეცეთ მეწარმეებს დამატებითი ვადები რეგისტრაციისთვის.

,,1 კვტ/სთ ელექტროენერგია 22 თეთრი ღირდა და მოიმატა 11 თეთრით. აქედან ხელისუფლებამ თქვა, რომ 50%-ს დაასუბსიდირებდა. იყო ინფორმაციის ჩვენამდე მოწოდების პრობლემა და პორტალი, რომელზეც უნდა დავრეგისტრირებულიყავით 14 დღე იყო მხოლოდ ღია. არ მომხდარა ჩვენი წინასწარი გაფრთხილება. სულ რამდენიმე წარმოება დარეგისტრირდა და გაირკვა, რომ მათაც კი, ვინც ეს მოახერხა გაზრდილი ოდენობის გადასახადი მიუვიდათ. რეგიონებიდან მუდმივად მირეკავენ და მეკითხებიან, როდის დაიწყება სუბსიდირების პროგრამა. ამ დროს, პროგრამა უკვე დამთავრდა და პორტალი დახურულია.

მე ვთხოვ აქედან, რომ 1-კვირიანი დამატებითი ვადა გამოაცხადონ რეგისტრაციისთვის. ეს არ არის მცირე შეღავათი ჩვენთვის. უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი წარმოებისათვის, რომ ისარგებლოს ამ სიკეთით.

ჩვენ პირობა გვაქვს მიცცემული, რომ აპრილამდე პურის ფასს არ გავზრდით, მაგრამ მომხმარებელიც ხედავს, რომ თვითღირებულება ყველაფერზე გაიზარდა, საფუარზე, დამხმარე მასალებზე, ტრანსპორტირებაზე. კომუნალურებზე კი უკვე აღვნიშნე, რამდენად გაიზარდა. ჩვენ მივმართეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილითაც, ამ ერთადერთი თხოვნით, ვიყოთ ინფორმირებული და ისე გაიხსნას პორტალი რამდენიმე დღით მაინც.

ჩვენი წარმოებებისთვის წყლის ისედაც მაღალი გადასახადი იყო. თავიდან, გაზრდა გადაწყდა კომპანიების გამო, რომლებისთვისაც წყალი ნედლეულია (ლუდი, გაზიანი სასმელები) ამის შემდეგ, მათ დატოვეს დედაქალაქი, რადგან რეგიონებში გაცილებით ნაკლებია ტარიფი, ჩვენ პურის მწარმოებლებს კი დაგვრჩა იგივე გადასახადი“-განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის განმავლობაში, კომპანიებს, რომლებიც პირველადი წარმოების პროდუქტს ქმნიან, ელექტროენერგიის გაზრდილი ღირებულება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუსუბსიდირდებათ.

თამარ მუკბანიანი