ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების საფრთხეები და ფისკალური პოლიტიკა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის თანახმად, არაგადამდები დაავადებებით ყოველწლიურად 41 მილიონი ადამიანი იღუპება.

დაავადებებს კი ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, არასწორი კვება, თამბაქოსა და ალკოჰოლის არამიზნობრივი მოხმარება იწვევს.

ეს მავნე ჩვევები ჯანდაცვის სისტემის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები ამ პრობლემასთან გამკლავებას დიფერენცირებული დაბეგვრის მეშვეობით ცდილობს.

დიფერენცირებული საგადასახადო სისტემის მიზანია, ხელი შეუწყოს ნაკლები ზიანის მქონე პროდუქტების მოხმარების ზრდასა და რისკის შემცველ პროდუქტებზე მოთხოვნის კლებას.

დიფერენცირებული დაბეგვრის სისტემა მოქმედებს ალკოჰოლზე, შაქარზე, პოლივინილ- ქლორიდის შემცველ პროდუქტებსა და თამბაქოს ნაწარმზე.

ალკოჰოლი

ჯანმოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით დაავადებათა 5.1% ალკოჰოლის არასწორ მოხმარებასთან არის დაკავშირებული. ალკოჰოლი ტოქსიკური და ფსიქოტროპული ნივთიერებაა, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას. მისი მოხმარების შედეგად ყოველწლიურად 3 მილიონი ადამიანი იღუპება.

ჩატარებული კვლევების მიხედვით, ალკოჰოლის არასწორმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს კარდიოვასკულარული და ღვიძლის პრობლემები, რიგ შემთხვევაში ონკოლოგიური დაავადებები, მენტალური დარღვევები და ალკოჰოლზე დამოკიდებულება.

სწორედ ამ უარყოფითი ზეგავლენის შემცირების მიზნით, 2011 წელს დიდ ბრიტანეთში მაღალი ალკოჰოლის შემცველობის მქონე სასმელებზე გადასახადი დაწესდა. მთავრობის მიერ განხორციელებული ინიციატივის შედეგად, 2018 წელს შოტლანდიაში ყველაზე დაბალი ალკოჰოლის მოხმარების დონე დაფიქსირდა, ასევე, 7.6%-ით იკლო ალკოჰოლის ყოველკვირეულ მომხმარებელთა რაოდენობამ და 7%-ით შემცირდა ჰოსპიტალიზაციის ის შემთხვევები, რომელიც ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადებებით იყო განპირობებული.

მსგავსი ფისკალური პოლიტიკის გატარება დაიწყეს ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში. ამ ინიციატივის შედეგი კი კომპანიების მხრიდან დაბალალკოჰოლური სასმელების წარმოების ზრდაში გამოიხატება.

მაგალითად, 2016 წელს, ალკოჰოლური სასმელების გიგანტი კომპანიის, AB InBev-ის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, კომპანია დაბალ და არაალკოჰოლური სასმელების წარმოების გაზრდას გეგმავდა. მათივე ვარაუდით, ამ ტიპის სასმელებზე მოთხოვნის მაჩვენებელი 2025 წლისთვის 20%-ს გაუტოლდება. ასევე, 2017 წელს დანიურმა წამყვანმა ბრენდმა, Heineken-მა შექმნა პირველი არაალკოჰოლური ლუდი და ეს პროდუქტი დღეს მსოფლიოს მასშტაბით 58 ქვეყნის ბაზარზე არის ხელმისაწვდომი.

შაქარი

ალკოჰოლის გარდა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს შაქრის დიდი რაოდენობით მოხმარებაც იწვევს. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, შაქრის მოხმარება იწვევს ჭარბწონიანობას, დიაბეტსა და კბილების კარიესს. ჯანმოს მიერ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ 1975 წლის შემდეგ მსოფლიოში ჭარბი წონის მქონე ადამიანების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა და 2016 წელს 650 მილიონს გაუტოლდა.

შაქრის მოხმარებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების პრევენციის მიზნით, სხვადასხვა ქვეყანაში პროდუქტზე დიფერენცირებული გადასახადი მოქმედებს.

მაგალითად, 2014 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, მექსიკაში მოსახლეობის 70%-ზე მეტს ჭარბი წონის პრობლემა ჰქონდა. ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის შემცირების მიზნით, მთავრობამ სააქციზო გადასახადი დააწესა შაქრის შემცველ პროდუქტებსა და არაალკოჰოლურ სასმელებზე.

OECD-ს მონაცემებით, მექსიკაში, 2014-2015 წლებში მოსახლეობაში შაქრის შემცველი სასმელების მოხმარება 7.6%-ით, ხოლო პროდუქტების მოხმარება 5.1%-ით შემცირდა.

ფტალატის მჟავა და პოლივინილის ქლორიდი (PVC)

ფტალატის მჟავა ქიმიური ნივთიერებაა, რომელსაც სხვადასხვა პლასტმასის კონტეინერების დამზადების პროცესში იყენებდნენ. თუმცა, მიიჩნევა რომ ეს ნივთიერება ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს.

ამ ნივთიერებების მოხმარების შემცირების მიზნით, დანიის მთავრობამ 2000 წელს დიფერენცირებული გადასახადი დააწესა ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც ფტალატის მჟავას ან პოლივინილის ქლორიდს შეიცავდნენ.

ამ ფისკალური ინიციატივის იმპლემენტაციის პირველივე წელს, გადასახადებიდან შემოსული თანხა 4.91 მილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა, სამ წელიწადში კი 8.85 მილიონ დოლარს მიაღწია. 2004 წლიდან თანხის მოცულობა შემცირდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ მწარმოებელმა კომპანიებმა ფტალატის მჟავა და პოლივინილის ქლორიდი სხვა, ნაკლები რისკის მქონე ალტერნატიული ნივთიერებებით ჩაანაცვლეს.

SNUS

ტრადიციული თამბაქოს მოხმარება ჯანდაცვის სისტემების მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. ჯანმოს მონაცემების თანახმად, ყოველწლიურად მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების შედეგად 8 მილიონი ადამიანი იღუპება. ამ პრობლემასთან ბრძოლის მიზნით, მთავრობის წარმომადგენლები იყენებენ რეგულაციებს, გადასახადებსა და აკრძალვებს. მიუხედავად ამისა, დღეს მსოფლიოში 1.3 მილიარდი მწეველია.

სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა ამ პრობლემასთან ბრძოლის პროცესში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შემცირებული რისკის მქონე თამბაქოს ალტერნატიულ პროდუქტებს, რომლებიც არ გამოყოფენ კვამლსა თუ ჭვარტლს.

ერთ-ერთ ასეთ მოწყობილობას SNUS-ი წარმოადგენს. მოწყობილობა FDA-მ აღიარა როგორც მოდიფიცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტი, რაც ნიშნავს იმას, რომ SNUS-ი ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით ნაკლები რისკის მატარებელია.

მოწყობილობა ფართოდ არის გავრცელებული შვედეთში, სადაც მთავრობის გადაწყვეტილებით, თამბაქოს ალტერნატიულ პროდუქტზე დიფერენცირებული საგადასახადო სისტემა ვრცელდება. ტრადიციულ სიგარეტზე გადასახადი გაიზარდა, SNUS-ზე კი უცვლელი დარჩა. შედეგად, ტრადიციული თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა შემცირდა, ალტერნატიული მოწყობილობის მომხმარებელთა რიცხვი კი გაიზარდა. დღეს ევროპის ქვეყნებს შორის შვედეთში ყველაზე ცოტა მწეველი და მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების რაოდენობა შეინიშნება. ქვეყანაში თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა სულ 7%-ს უტოლდება.

გასახურებელი თამბაქო

გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები თვისობრივად განსხვავდება ტრადიციული სიგარეტებისგან, რადგანაც ისინი არ გამოყოფენ წვის პროდუქტებს. 2020 წლის ივლისში FDA-მ გასახურებელი თამბაქოს ერთ-ერთ ბრენდს IQOS-ს მოდიფიცირებული რისკის მქონე პროდუქტის (MRTP) სტატუსი მიანიჭა. ამ გადაწყვეტილებაში FDA-მ აღნიშნა, რომ ეს პროდუქტი მწეველებისთვის ტრადიციული სიგარეტის მოხმარების გაგრძელაბზე უკეთეს ალტერნატივას წარმოადგენს. ამ პროდუქციის მოხმარება შედარებით გავრცელებულია იაპონურ ბაზარზე, სადაც ის თამბაქოს ზიანის შემცირების პოლიტიკის ნაწილად განიხილება. უახლესი შეფასებების თანახმად, 2016-2019 წლებში იაპონიაში ჩვეულებრივ სიგარეტზე ხუთჯერ შემცირება სწორედ გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების მოხმარების ზრდას უკავშირდებოდა.

მოწევის ზიანის შემცირებისთვის გასახურებელი თამბაქოს პროდუქტებს ეფექტურ ალტერნატივად არაერთი ევროპული სახელმწიფოც განიხილავს. მათ შორის ზოგიერთ მათგანში ჩვეულებრივი სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს პროდუქტებისთვის განსხვავებული სააქციზო პოლიტიკა მოქმედებს.

მაგალითად, პოლონეთში, ასევე ჩეხეთში ეს პროდუქტები აქციზისგან გათავისუფლებულია. საქართველოში კი ისინი სიგარეტის მსგავსად იბეგრებიან.

დიფერენცირებული დაბეგვრის პოზიტიურ ზეგავლენას სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი ამტკიცებს. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტებზე დაწესებული გადასახადის შედეგად შესაძლებელია ჯანდაცვის სისტემაში პოზიტიური ცვლილებების განხორციელება და ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის შემცირება.