დიდი მატების შემდეგ, აზიიდან ავტომობილის ტრანსპორტირების ფასი 30%-ით შემცირდა და მოსალოდნელია, ფასის კიდევ უფრო დიდი კლება - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ,,ავტო იმპორტ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი ამირან კურტანიძე აცხადებს.
დეკემბრის ბოლოსათვის, ერთი მანქანის ჩამოყვანა კონტეინერით საშუალოდ 1500 დოლარი ღირდა, მაშინ როცა სექტემბერში მისი ღირებულება 750 დოლარს შეადგენდა. საახალწლოდ კი ტრანსპორტირების ფასი 2 000 დოლარსაც გადასცდა.
კურტანიძე ამბობს, რომ შემცირება უკვე დაწყებულია და ამ დროისთვის ერთი ავტომობილის ტრანსპორტირება 1 250 დოლარი ჯდება. მოსალოდნელია ფასის კიდევ მეტად კლება. კერძოდ, აზიიდან 1 ავტომობილის ჩამოყვანის ფასი სავარაუდოდ, 800 დოლარამდე ზაფხულისთვის დაიწევს.
,, ტენდენცია კლებისკენ მოდის. მნიშვნელოვნად მცირდება კონტეინერების ფასები და უკვე დავამყარეთ ახალი კონტაქტებიც. გასულ წელს მკვეთრი ზრდის შედეგ, დაახლოებით 30%-ით არის ფასი შემცირებული. შეგახსენებთ, 2020 წლის სექტემბრამდე ერთი მანქანის ჩამოყვანა კონტეინერით საშუალოდ 750 დოლარი ღირდა, დეკემბერში უკვე მისი ფასი 1 500 დოლარი იყო. გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკებები და გვეუბნებიან, რომ უკვე მარტიდან მოხდება ახალი გემების შეყვანა და სხვა ლოჯისტიკური საკითხების გამართვა. აქედან გამომდინარე, წესით რა პრობლემებიც იყო, მარტიდან მოიხსნება და ჩვენი ვარაუდით 3 თვეში აღმოიფხვრება. ახლა ფასი 1 250 დოლარზეა და გვაქვს მოლოდინი, რომ ზაფხულში 800 დოლარზე ჩამოვა“, - ამბობს ,,ავტო იმპორტ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი.
მისივე თქმით, პანდემიური პერიოდი მის კომპანიაზე ნეგატიურად არ ასახულა, პირიქით, გაყიდვები გაეზარდათ კიდეც.
,, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კომპანიისათვის პანდემიური პერიოდი იყო პრობლემური, ეს ჩვენს კომპანიას არ შეხებია. მეტიც, მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. მოგეხსენებათ, კომპანიის არჩევისას ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არის სანდოობა, სერვისი და ფასი. ამ კომპონენტებში ჩვენ ვართ ძალიან მყარი და ამის გამო გვაქვს გაყიდვების პერმანენტული ზრდა. თუ აქამდე იყო, რომ მეზობელ ქვეყნებზე უფრო მეტად ვმუშაობდით, ახლა ეს ტენდენცია იცვლება და საქართველოს წილი იზრდება. რა თქმა უნდა, არ არის ისეთი მარჟები, მაგრამ სასიამოვნო ტენდენციაა. ყველა ფაქტორიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ პანდემიამ ჩვენს კომპანიაზე დადებითადაც კი იმოქმედა და ამ პირობებშიც შევძელით ზრდა“, - განაცხადა ამირან კურტანიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, საქართველოში ავტომობილების ინდუსტრიამ კორონა ვირუსის პანდემიის გამო მილიონობით დოლარი იზარალა. ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 31%-ით, რეექსპორტი კი 45%-ით შემცირდა.