თბილისში, აგლაძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში აგლაძის ქუჩაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.
შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველმა მორეაგირე ჯგუფებმა. სიტუაციის შეფასების შემდეგ, აგლაძის ქუჩის მიმართულებით გავიდნენ დამატებით სახანძრო-სამაშველო დანაყოფები.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია სამშენებლო მასალების საწყობებზე.
ამ დროისთვის ადგილზე უკვე მობილიზებულია 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები.
დაშავებულების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ინფორმაცია არ შემოსულა.
აგლაძის ქუჩაზე იმყოფებიან და ქრობის სამუშაოებს ხელმძღვანელობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი, მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი",-აღნიშნულია ინფორმაციაში.