ბიზნესიდან პოლიტიკაში - რა ქონებას ფლობს მამუკა ხაზარაძე

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მანდატებზე უარს ამბობენ და მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედიან, მათ ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვთ.

მმართველი გუნდის მხრიდან უკვე გაკეთდა განცხადებები, რომ ან დეკლარაციები უნდა შეავსონ ან ჯარიმა გადაიხადონ, რომელიც 1000 ლარს შეადგენს. რიგი ოპოზიციონერების განცხადებით ისინი დეკლარაციის შევსებას არ აპირებენ, თუმცა, ზოგიერთმა მათგანმა დეკლარაცია უკვე შეავსო, იმის მიუხედავად, რომ პარლამენტში არ შესულა.

ერთ-ერთი, ვინც ქონებრივი დეკლარაცია წარადგინა „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძეა, რომელიც პოლიტიკაში მოსვლამდე საბანკო სფეროსა და სხვა ბიზნესებში იყო ჩართული.

10 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მამუკა ხაზარაძე ფლობს 8 მიწის ნაკვეთს ციხისძირში, 3 მიწის ნაკვეთს მუხრანში, საცხოვრებელ სახლს თბილისში; ბინას ლონდონში, რომლის 50%იანი წილი მისი მეუღლის სახელზეა; 2 აგარაკს წყნეთში; ბინასა და ავტოფარეხს დუშეთში; მიწის ნაკვეთს ლისის ტბის მიმდებარედ; მიწის ნაკვეთს ნატანებში; ბინას თბილისში. ასევე მის საკუთრებაშია ნაწილობრივ 10 მიწის ნაკვეთი ციხისძირში, აღნიშნული უძრავი ქონების მფლობელები მასთან ერთად არიან - ბადრი ჯაფარიძე, ივანე ხაზარაძე და კახა ხაზარაძე. მამუკა ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძესთან ერთად ფლობს ასევე 2 მიწის ნაკვეთს ლისის ტბის მიმდებარედ.

როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილები Lexus LX 570 და Jaguar XK140. ეს უკანასკნელი როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ჩუქებით აქვს მიღებული.

მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში - 399 440 ლარი; 3 493 656 დოლარი; 2 181 170 გირვანქა სტერლინგი და 95 164 ევრო ჰქონდა.

ამასთან, ხაზარაძე არის სს „ატლანტა ლენდის“, სს „თბილისი ჯგუფის“, სს „ლისი ლეიქის“, სს TBC Bank Group PLC-ს, შპს Bicester Motion Limited-ს, სს Le Club des Automobiles du Chateau de Sermet-ს, სს GRDC Holding B.V.-ს; სს Georgian Reconstruction and Development Company-ს აქციონერი.

ფლობს წილებს ისეთ კომპანიებში, როგორიცაა - შპს „ახალი სამშენებლო კომპანია“, შპს „გეოპლანტი“, შპს „ეიჩ-არ-სი თბილისი““, შპს „ვაზისუბნის მამული“, შპს „ვარძიის ტერასები“, შპს „მწვანე გარემო“; შპს „ნაფარეულის მამული“; შპს „როიალ ხვანჭკარა“; შპს „სოლარი საქართველო“; შპს „ქართული ორიგინალური ვაზისა და ღვინის ჰოლდინგი“; შპს „ქართული ტრადიცია“; შპს „ჯორჯიან რიელ ისთეით მენეჯმენტ“; შპს „დარჩელი რეალ ისთეით“; შპს „თიბისი ჰოლდინგი“; შპს „რადიო არტი“; შპს „ტექნიკური დიზაინის სტუდია“; შპს GRDC Management Company; შპს Equity Partners Ltd; შპს CCP Caucasus Capital; შპს Dunmore Corporation; შპს Liquid Crystal International S.à.r.l.

რაც შეეხება მის ოჯახს, 1-1- მსუბუქ ავტომობილს ფლობენ მისი მეუღლე და შვილი. ამასთან, მისი უფროსი შვილები ფლობენ აქციებს ისეთ კომპანიებში, როგორიცაა მაგალითად: JPMorgan&Chase; APPLE INC; Facebook Inc; TBC BANK GROUP PLC; UNITED STATES OIL FUND LP; ENERGY SELECT SECTOR SPDR და ა.შ. მამუკა ხაზარაძის მეუღლე ფლობს წილებს 2 კომპანიაში; მისი უფროსი ვაჟი კი ფლობს წილებს 7 კომპანიაში.