„თურქეთმა ე.წ. დიაგონალური კუმულაციის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რაც შესაძლებლობაა, რომ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი გაიზარდოს"

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით თურქეთის პარლამენტმა ე.წ. დიაგონალური კუმულაციის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

მისივე განმარტებით, ამ გადაწყვეტილებას საქართველო უკვე 4 წელია ელოდა. მინისტრის განმარტებით, შეთანხმება მნიშვნელოვანია ისეთი სამრეწველო დარგებისთვის, რომლებიც წარმოებისთვის თურქეთიდან შემოსულ ნედლეულს იყენებენ.

„თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც 4 წელია, პრაქტიკულად, ჩვენ და ჩვენი გარკვეული ბიზნესები ელოდებიან, ეს არის ე.წ დიაგონალური კუმულაციის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება. ეს არის მნიშვნელოვანი ისეთი დარგებისთვის, რომლებიც იყენებენ სამრეწველო წარმოებისთვის თურქეთიდან შემოსულ ნედლეულს. ეს არის არასასურსათო წარმოება, ისეთი, როგორიც არის ტექსტილი, სამკერვალო ინდუსტრია, ავეჯისა და პლასტმასის წარმოება, მინისა და საშენი მასალების წარმოება და ა.შ. აქამდე იყო გარკვეული შეზღუდვები და თურქეთიდან შემოსული ნედლეულის გადამუშავებით მიღებული პროდუქცია ყოველთვის ვერ სარგებლობდა ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის პრეფერენციებით, ახლა ამ შეთანხმების რატიფიცირებით ეს მომენტი მოხსნილია და უფრო მეტი, თუნდაც ტექსტილის ინდუსტრიის მიმართულებით, დაახლოებით 80 მილიონი დოლარით მეტი პროდუქცია, რომელიც ნაწარმოები იქნება თუნდაც თურქული მასალიდან, შეიძლება გავიდეს ევროკავშირში და ისარგებლოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

უკვე პირველი დადებითი შეფასებები შემოდის ინდუსტრიიდან, განსაკუთრებით ჩვენს სამკერვალო ინდუსტრიას გაუხარდა, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს ასაქმებს. ეს არის შესაძლებლობა, ჩვენი საექსპორტო პოტენციალი გაიზარდოს ევროკავშირთან მიმართებით და თურქეთმა ისარგებლოს საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით იმისთვის, რომ მეტი გადამუშავება სწორედ საქართველოში მოხდეს და არა თურქეთში და რომელიმე სხვა ქვეყანაში,“- განაცხადა ნათია თურნავამ.