ამერიკულმა უფლებადამცავმა ორგანიზაციამ International Rights Advocates (IRA) განაცხადა, რომ პარასკევს ფედერალური კოლექტიური სარჩელი შეიტანა კომპანიების Nestle, Mars და Cargill-ის წინააღმდეგ სავარაუდოდ ბავშვთა შრომის და ადამიანებით ვაჭრობაში თანამონაწილეობის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს.
მასალაში ხაზგასმულია, რომ „კომპანიები აგრძელებენ მოგების მიღებას იაფი კაკაოსგან, რომლის მოპოვებაში გამოყენებულია ბავშვთა შრომა,“ - ნათქვამია განცახდებაში.
სარჩელი შეტანილია რესპუბლიკა მალის 8 პირის მიერ, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ბავშვობაში მონებად გაყიდეს და იძულებულნი იყვნენ ემუშავათ კოტ-დივუარის კაკაოს პლანტაციებში. უფლებადამცველები ხელმძღვანელობენ კანონით, რომელიც საშუალებას აძლევს მსხვერპლს/დაზარალებულს სარჩელი შეიტანონ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც წარმოების პროცესში მოგებას ნახულობენ ადამიანების იძულებითი შრომისა და მათი ვაჭრობისგან.
„ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარებს სასამართლო დავებზე,“ - განაცხადა Mars-ის წარმომადგენელმა ჯესიკა ადელმანმა მოთხოვნილ წერილზე პასუხად. მანამდე კი გაავრცელა განცხადება, რომ კომპანია გააძლიერებს მონიტორინგს ბავშვთა შრომის მიმართულებით.
Nestle-ს წარმომადგენელი კი სააგენტოსთვის გაგზავნილ ელექტრონულ წერილში წერს, რომ კომპანია აწარმოებს მკაფიო პოლიტიკას ბავშვთა შრომაზე და ამ პრობლემის გადაჭრაზე მუშაობს. მათი თქმით, სასამართლო პროცესი „ხელს არ უწყობს საერთო მიზნის მიღწევას, კაკაოს წარმოებაში ბავშვთა შრომის აღმოფხვრაში“.
რაც შეეხება, Cargill-ს, მას ჯერ აღნიშნულ ინფორმაციაზე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.