შრომის ინსპექციამ ზურაბ ჯაფარიძის გარდა, სოციალური ღონისძიების გამართვისთვის კიდევ 2 ფიზიკური პირი დააჯარიმა, დაჯარიმდა ასევე ერთი იურიდიული პირი.
როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მაია მიქაიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, 2 ობიექტზე, სადაც აღინიშნებოდა დაბადების დღე, გამოვლინდა ღონისძიების ორგანიზატორი და ორივე მათგანი 2000 ლარით დაჯარიმდა.
რაც შეეხება იურიდიულ პირს, ამ შემთხვევაში რესტორანი არადისტანციურ რეჟიმში, ადგილზე ახორციელებდა საქმიანობას, რის გამოც მფლობელი იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა.
„შრომის ინსპექციამ გუშინ, გეგმური მონიტორინგის ფარგლებში, მოახდინა 4 ობიექტზე დაჯარიმება არანებადართული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის. ერთი იყო იურიდიული პირი - რესტორანი, რომელიც არადისტანციურ რეჟიმში ახორციელებდა საქმიანობას. შესაბამისად, ობიექტი დაჯარიმდა 10 000 ლარის ოდენობით.
სამი იყო სოციალური ღონისძიების განხორციელების მიზნით. რაც შეეხება „ჯაფარასთან“, იცით არ არის ნებადართული საქმიანობა, მოხდა ღონისძიების ორგანიზატორის იდენტიფიცირება და ამ შემთხვევაში დაჯარიმდა ფიზიკური პირი 2000 ლარის ოდენობით.
გარდა ბარის „ჯაფარასთან“, ასევე მოხდა 2 სოციალური ღონისძიების გამოვლენა საღამოს საათებში. ორივე მათგანი ახორციელებდა აკრძალულ საქმიანობას, აქ იყო 10-ზე მეტი ადამიანი თავშეყრილი ყველანაირი რეგულაციების დაცვის გარეშე და მიმდინარეობდა სოციალური ღონისძიება. ორივეს ორგანიზატორი იყო იდენტიფიცირებული და მათ მიმართაც შესაბამისად, იქნა სანქცია გამოყენებული 2000 ლარის ოდენობით. ჯამში დაჯარიმდა 1 იურიდიული პირი 10 000 ლარით და სამი ფიზიკური პირი 2000 ლარით. ასევე მიმდინარეობს კიდევ ერთ ობიექტთან დაკავშირებით ტექნიკური დეტალების გარკვევა, ამ შემთხვევაშიც სოციალურ ღონისძიებასთან გვქონდა საქმე,“-განაცხადა მაია მიქაიამ.