როგორ იქნება პირველი მცურავი „ენერგეტიკული კუნძული“, რომელსაც  დანიაში ააშენებენ

დანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით უახლოეს მომავალში პირველი „ენერგეტიკული კუნძულის“ მშენებლობა დაიწყება, რომელიც საკმარისი იქნება 3 მილიონზე მეტი ადამიანის ელექტროენერგიით მოსამარაგებლად.

BBC-ის ინფორმაციით, „ენერგეტიკული კუნძული“ 120 000 კვ.მ. ფართობზე განთავსდება, რაც დაახლოებით ფეხბურთის 18 მოედანს უდრის. პროექტის მიხედვით, კუნძული ენერგიის შემკრები მოწყობილობისა და 200 ქარის გიგანტური ტურბინისგან შედგება.

მასშტაბური პროექტის განხორციელებას 210 მილიარდი დანიური კრონა (28 მილიარდი ევრო) დასჭირდება და მისი მშენებლობა 2030 წელს დასრულდება.

dania2-1613289505.jpg

როგორც ცნობილია, პროექტის ნახევარი სახელმწიფოს მფლობელობაში იქნება, მეორე ნახევარი კი კერძო სექტორის.

ქარის ტურბინებით გამომუშავებული ელექტროენერგიის ნაწილის ექსპორტს დანია ჰოლანდიასა და გერმანიაში გეგმავს.

მწვანე ენერგიის კუთხით ეს დანიის პირველი და უკანასკნელი პროექტი არ იქნება. კიდევ ერთი მსგავსი კუნძულის აშენებას დანია ბალტიის ზღვაში, კუნძულ ბორნჰოლმზეც გეგმავს.

dania-1613289534.jpg

გამოცემა წერს, რომ სითბური გაზების გამოყოფისა და გლობალური დათბობის შეჩერება დანიის ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია, რის გამოც 2030 წლამდე დაგეგმილია 1990 წელთან შედარებით სითბური გაზების გამოყოფის 70%-ით შემცირება. 2050 წლისთვის კი დანია გეგმავს ნახშირორჟანგის გამოყოფა ნულოვან ნიშნულამდე დაიყვანოს.

dann-1613289593.jpg

ბექა ბერიაშვილი