დღეიდან რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტზე კვოტები, ხორბალზე კი საბაჟო ტარიფი ამოქმედდა

რუსეთი დღეიდან, 15 თებერვლიდან 30 ივნისამდე ხორბალზე, ჭვავზე, სიმინდსა და ქერის ექსპორტზე კვოტებს აწესებს. მისი ზომა შეადგენს 17,5 მლნ ტონას, თუმცა ის არ ვრცელდება „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ ქვეყნებზე.

აღნიშნული ზომა მიმართულია ადგილობრივ ბაზარზე ფქვილისა და პურზე ფასის სტაბილიზაციისკენ, რომელიც ხორბლის მკვეთრად გაძვირების შედეგად გაიზარდა.

გარდა ამისა, შემზღუდავ კომპლექსურ ზომებს ემატება საბაჟო ტარიფები. 15 თებერვლიდან მარცვლეული ერთ ტონაზე დაიბეგრება 25 ევროთი. 1-ლი მარტიდან 50 ევროთი. ხოლო 15 მარტიდან 25 ევროთი დაიბეგრება სიმინდი, ქერი კი 10 ევროთი. რაც შეეხება ჭვავს, იმის გამო, რომ მისი ექსპორტი არ ხორციელდება, არ დაიბეგრება.

კვოტებს მიღმა იმოქმედებს ამკრძალავი ბეგარა საბაჟო ღირებულების 50%-ის ოდენობით, თუმცა არანაკლებ 100 ევროსი ტონაზე.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თებერვლის დასაწყისში განსაზღვრა კვოტები. უწყების ცნობით, მასში წილები განისაზღვრა 234 კომპანიისთვის.

ამასთან, 2 ივნისიდან რუსეთის ხელისუფლება აწესებს ე.წ. მარცვლეულის „დემპფერს“ (მცურავ ბეგარას) ექსპორტზე.

ცნობისათვის, 2020 წლის 1-ლი ივლისიდან 2021 წლის 1-ელ თებერვლამდე რუსეთიდან ექსპორტირებულია 34,1 მილიონი ტონა მარცვლეული, რაც 24,3%-ით მეტია წინა წელზე. მათ შორის, 23,4%-ით გაიზარდა ხორბლის ექსპორტი, ქერის ექსპორტი 48,8%-ით, სხვა კულტურებზე კი 45,1%-ით. სიმინდის ექსპორტი კი 4,8%-ით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ხორბლის მთავარი იმპორტიორი რუსეთია. 2020 წელს ხორბლის იმპორტში რუსეთის წილი იყო 99,4%, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე რუსული ხორბლის წილი მთლიან იმპორტში 83%-ს შეადგენდა. უფრო კონკრეტულად, 2020 წელს საქართველომ 490 944 ტონა ხორბალი და მესლინი იყიდა, საიდანაც 488 279 ტონა რუსეთიდან იმპორტი იყო.

კოკა კვირკველია