ინვესტორი ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობას იწყებს.
როგორც სასტუმრო „ბუდაპეშტის“ წარმომადგენელმა, გიორგი ზაქაიძემ განაცხადა, ამ წუთებში ადგილზე მშენებლობის დაწყებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, სამშენებლო სამუშაოები დავიწყოთ. ადგილზე სამშენებლო ღობეა საჭირო და სამშენებლო ნორმებია დასაცავი. როგორც კი მომზადებას დავამთავრებთ, ტექნიკა მობილიზებულია და იმ წუთას დავიწყებთ სამშენებლო სამუშაოებს. ჩვენ მშენებლობის ნებართვა სასამართლოდან გვაქვს. შეიძლება ხელის შეშლა იყოს, მაგრამ ეს სამართლიანი არ იქნება და ყურადღებას არ მივაქცევთ“, - აცხადებს გიორგი ზაქაიძე.
„ინტერპრესნიუსი“ საკითხის შესახებ თბილისის მერიას დაუკავშირდა, როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, ინვესტორს ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის ნებართვა არ აქვს.