Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 173.3 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, მათ შორის აშშ-ში 53.7 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 16%-ს შეადგენს.
აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 40.5 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც მოსახლეობის 2.8%-ს შეადგენს. ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 21.3 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა.
გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 6 მილიონ ადამიანს უტარდება. ამ ტემპით მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 2 დოზით სრულ ვაქცინაციას 5 წელი დასჭირდება. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 6.3 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 70%-ს შეადგენს.
ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს, სადაც შესაბამისად, მოსახლეობის 47% და 23.3%-ს ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა.