რა ქონებას ფლობს ბიზნესიდან პოლიტიკაში წასული ბადრი ჯაფარიძე

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მანდატებზე უარს ამბობენ და მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედიან, მათ ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვთ. მმართველი გუნდის მხრიდან უკვე გაკეთდა განცხადებები, რომ ან დეკლარაციები უნდა შეავსონ ან ჯარიმა გადაიხადონ, რომელიც 1000 ლარს შეადგენს. რიგი ოპოზიციონერების განცხადებით, ისინი დეკლარაციის შევსებას არ აპირებენ, თუმცა, ზოგიერთმა მათგანმა დეკლარაცია უკვე შეავსო, იმის მიუხედავად, რომ პარლამენტში არ შესულა.

ერთ-ერთი, ვინც ქონებრივი დეკლარაცია წარადგინა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძეა, რომელიც პოლიტიკაში მოსვლამდე საბანკო სფეროსა და სხვა ბიზნესებში იყო ჩართული.

მიმდინარე წლის 10 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ბადრი ჯაფარიძე ფლობს სახოვრებელ სახლს დიდ ბრიტანეთში; მიწის ნაკვეთს თბილისში; 1-1 მიწის ნაკვეთი - ბაკურიანში, ლისის ტბის მიმდებარედ, თიანეთსა და ნატანებში; 2 მიწის ნაკვეთს მცხეთაში; ბადრი ჯაფარიძე ასევე ფლობს 2 მიწის ნაკვეთს ლისის ტბის მიმდებარედ მამუკა ხაზარაძესთან ერთად. ასევე მის საკუთრებაშია ნაწილობრივ 10 მიწის ნაკვეთი ციხისძირში, აღნიშნული უძრავი ქონების მფლობელები მასთან ერთად არიან - მამუკა ხაზარაძე, ივანე ხაზარაძე და კახა ხაზარაძე.

როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი Volkswagen Amarok. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში - 179 307 ლარი; 2 653 789 დოლარი; 524 998 გირვანქა სტერლინგი და 222 073 ევრო ჰქონდა.

ამასთან, ჯაფარიძე არის სს „ატლანტა ლენდის“, სს „თბილისი ჯგუფის“, სს „ლისი ლეიქის“, სს „ჰიდროკაპიტალის“, სს TBC Bank Group PLC-ს, სს GRDC Holding B.V.-ს, სს Georgian Reconstruction and Development Company-სა და სს GP Alliance N.V.-ს აქციონერი.

ფლობს წილებს ისეთ კომპანიებში, როგორიცაა - შპს „ახალი სამშენებლო კომპანია“, შპს „გეოპლანტი“, შპს „ეიჩ-არ-სი თბილისი““, შპს „ვაზისუბნის მამული“, შპს „ვარძიის ტერასები“, შპს „მწვანე გარემო“; შპს „ნაფარეულის მამული“; შპს „როიალ ხვანჭკარა“; შპს „სოლარი საქართველო“; შპს „ქართული ორიგინალური ვაზისა და ღვინის ჰოლდინგი“; შპს „ქართული ტრადიცია“; შპს „ჯორჯიან რიელ ისთეით მენეჯმენტ“; შპს „აგარაკი უწერაში“; შპს „ბორბალო ჯგუფი“; შპს „დი ეს პორტ ინვესტი“; შპს „ზარზმაჰესი“;შპს „საქართველოს ორიგინალური ღვინოები“; შპს „ხეორიჰესი“;შპს Bicester Motion Limited; სს Le Club des Automobiles du Chateau de Sermet; შპს GRDC Management Company; შპს Equity Partners Ltd; შპს CCP Caucasus Capital Partners Limited; შპს Dunmore Corporation.

რაც შეეხება მის ოჯახს, 3 მსუბუქი ავტომობილი არის მისი მეუღლისა და შვილის საკუთრებაში. ასევე მეუღლის სახელზე ფიქსირდება: 4 ავტოფარეხი და 1 სარდაფი თბილისში; 3 ბინა და სხვენი თბილისში; მიწის ნაკვეთი წყნეთში; ასევე შვილის სახელზეა 1 საცხოვრებელი სახლი წყნეთში. ამასთან, მისი ვაჟი ფლობს აქციებს ისეთ კომპანიებში, როგორიცაა AIRBNB INC- CLASS A და C3.AI INC. გარდა ამისა, ბადრი ჯაფარიძის მეუღლე ფლობს წილს შპს „მეგაკოში“; ხოლო ვაჟი - შპს „ელვისიში“.