„1 400 000 ვაქცინის დოზაა დაახლოებით, რაც ჩვენ „კოვაქსიდან“ გვეკუთვნის, დანარჩენი 2 მილიონ ნახევარი უნდა მოვიძიოთ სხვა მექანიზმებით"

1 400 000 ვაქცინის დოზაა დაახლოებით, რაც ჩვენ „კოვაქსიდან“ გვეკუთვნის, დანარჩენი 2 მილიონ ნახევარი უნდა მოვიძიოთ სხვა მექანიზმებით და ეს მექანიზმი იქნება ევროკავშირის ქვეყნებთან მოლაპარაკება და პირდაპირი მოლაპარაკება მწარმოებელთან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მესამე-მეოთხე კვარტლისთვის შესაძლებელია, მეტი შანსი გაჩნდეს იმისთვის, რომ საქართველომ ვაქცინის დოზები პირდაპირ მწარმოებლისგან მოიპოვოს.

„ჩვენთვის მთავარი პლატფორმა მაინც „კოვაქსი“ რჩება და „კოვაქსის პლატფორმა“ შეიქმნა იმიტომ, რომ რისკები არ ყოფილიყო საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნებისთვის, რომელსაც თავისი მოცულობით საინტერესო წინადადება ვერ ექნება მწარმოებელთან. აქედან გამომდინარე, ამ სოლიდარობის პრინციპის და განაწილების პრინციპიდან გამომდინარე შეიქმნა სწორედ „კოვაქსის პლატფორმა“. ჩვენი მთავარი მექანიზმი არის „კოვაქსის პლატფორმა“, თუმცა ამის პარალელურად მაინც არის კიდევ ორი მექანიზმი, რაც გვინდა, რომ გამოვიყენოთ, ერთი ეს გახლავთ ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობა იმგვარად, რომ მათ ის შესყიდული ჭარბი დოზა, რომელიც შესაძლოა ამ ეტაპზე მათთვის არ იყოს აუცილებელი, გადმოგვცენ, შეიძლება იყოს შესყიდვის ან დონაციის სახით და ასევე, რა თქმა უნდა, მაინც ძალაშია ბილატერალური მოლაპარაკებაც, რადგან პირველი კვარტალია რთული ყველასთვის, შემდეგ წარმოების მოცულობები გაიზრდება და უფრო მოგვიანებით მესამე, მეოთხე კვარტლისთვის უკვე შესაძლებელია, მეტი შანსი გაჩნდეს იმისთვის, რომ ჩვენ პირდაპირაც მოვიპოვოთ დოზები მწარმოებლებისგან. 1 400 000 დოზაა დაახლოებით, რაც ჩვენ „კოვაქსიდან“ გვეკუთვნის, დანარჩენი 2 მილიონ ნახევარი უნდა მოვიძიოთ სხვა მექანიზმებით და ეს მექანიზმი იქნება ევროკავშირის ქვეყნებთან მოლაპარაკება და პირდაპირი მოლაპარაკება მწარმოებელთან“, - განაცხადა გაბუნიამ.