მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში სკოლის 50 000-მდე პედაგოგი გავტესტეთ, 0,2% არის პედაგოგებში დადებითობის მაჩვენებელი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი განმარტებით, განსაკუთრებით ახლა, მნიშვნელოვანი იქნება დიდ ქალაქებში დაკვირვება სკოლების გახსნასთან დაკავშირებით. ამასთან, გამყრელიძის განმარტებით, კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდათ სავაჭრო ობიექტებზე დასაქმებულებს, ტაქსის მძღოლებს და რელიგიის მსახურებს.
„20 000-მდე ტაქსის მძღოლია გატესტილი და დადებითობა არის დაახლოებით 0,5%; ბაზრობის მოვაჭრეებში 0,4%; რელიგიის მსახურებში 1%; და „მოლებსა“ და სავაჭრო დიდი ცენტებში 0,2% ანუ, აქაც ვატყობთ, რომ შესაბამისი პირობები და რეკომენდაციები დაცულია. თუმცა, არ უნდა გავთამამდეთ. მოგეხსენებათ, აგვისტოში დიდმა თავშეყრებმა და წვეულებებმა მოგვცა ის, რომ ეს ოქტომბერ-ნოემბერში გადაიზარდა სერიოზულ აფეთქებებში. იმისათვის, რომ ქვეყანაში იგივე არ განმეორდეს, უნდა ვიყოთ ძალიან მორიდებული და ფრთხილი. გარკვეული დაკვირვების შემდეგ დღეს რესტორნების ღია სივრცე გაიხსნა. გარკვეული დაკვირვების შემდეგ თვითონ რესტორნებიც გაიხსნება. არ უნდა გავთამამადეთ და უარი უნდა ვთქვათ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დიდ, ყველანაირ თავყრილობებეზე, ეს იქნება სამხიარულო, ჭირის, სამეცნიერო, თუ სხვა. თავყრილობები არის ერთ-ერთი რისკფაქტორი ინფექციის გავრცელებისა“, - განაცხადა გამყრელიძემ.