რუსთავის ავტო ბაზრობაზე შეკრებილი ავტო-იმპორტიორები 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების გადასახადის გადახდის წლის ბოლომდე გადავადების მოთხოვნით აქციას მართავენ.
ამასთან, ისინი ხელისუფლებას სთხოვენ, რომ შაბათ-კვირას მუშაობის უფლება მიეცეთ.
როგორც ,,ბიზნესპრესნიუსს“ ავტო-იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ლაშა დარბაისელმა განუცხადა, ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება აუცილებელია, რათა გადარჩეს საქართველოში საავტომობილო ბიზნესი და მომიჯნავე სფეროები.
,,პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟება, პანდემიის პირველ ეტაპზე გადაიწია 2021 წლის 1-ელ მარტამდე, რომლამდეც უკვე 2 კვირაა დარჩენილი და ჩვენ, ამოსაყიდი ავტომობილები დაგვრჩა ძალიან დიდი რაოდენობით. მიზეზი მარტივია, პანდემია და შეზღუდვები, რომელიც ქვეყნაში არსებობდა. ამასთან, ზოგადი სოციალური ფონიც.
კრიზისულ პერიოდში ადამიანები იშვიათი გამონკლისის გარდა მხოლოდ პირველადი დანიშნულების საგნებს და საკვებს ყიდულობენ. ამიტომ ვითხოვთ კიდევ ერთხელ გადავადდეს გადასახადის გადახდა.
მეორე მოთხოვნაა რუსთავის ავტო ბაზრობის შაბათ კვირას გახსნა. ამ პირობებით ფუნქციონირების აღდგენა, როგორიც დღეს არის, არ გვაძლევს არავითარ შეღავათს. ჩვენი ვაჭრობის უდიდესი წილი შაბათ-კვირაზე მოდის და ვითხოვთ, რომ ამ დროს მოგვცენ მუშაობის უფლება.
თითოეული იმპორტიორის უკან 3-4 ოჯახი დგას, რომელიც ფინანსურად მათზეა დამოკიდებული. ჩვენს უკან დგას არაერთი მომიჯნავე სფერო, რომელსაც ჩვენ ვამუშავებდით და იმედს ვიტოვებთ, რომ მთავრობა გაითვალისწინებს ყველა გარემოებას და მივიღებთ ზუსტ პასუხს, გაკეთდება თუ არა შეღავათები, იმისთვის, რომ გადავჩეთ და ვიარსებოთ. ამ სექტორმა არ შეწყვიტოს ფუნქციონირება და გავაგრძელოთ ბიუჯეტში კეთილსინდისიერად გადასახადების გადახდა. წინააღდეგ შემთხვევაში, მოვაწყობთ ბევრად დიდ საპროტესტო აქციებს“,- აცხადებს დარბაისელი ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
ცნობისთვის, 11 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც მოუწოდებს ავტოიმპორტიორებს კანონით დადგენილი საბაჟო პროცედურები და ვადები დაიცვან.