სესხების მოცულობა გაიზარდა, თუმცა იკლო გადახდისუნარიანობამ - როგორი იყო სესხის გამცემი სუბიექტებისთვის 2020 წელი

გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა, თუმცა იკლო გადახდისუნარიანობამ - ამის შესახებ, ,,რადიოპალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ სესხის გამცემი სუბიექტების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა.

სოფო კალანდაძის თქმით, ამის გამო სექტორი მძიმე 2021 წელს ელოდება. შედეგად კი მოხდება სესხების ნაწილის რესტრუქტურიზაცია, ნაწილის კი რეალიზაცია.

,, გამომდინარე იქედან, რომ საბანკო სექტორისთვის სესხების გაცემა შედარებით შეიზღუდა, მოსახლეობის დიდ ნაწილს მოუწია სალომბარდე სესხები აეღო. როგორიცაა ოქროთი და ტექნიკით უზრუნველყოფილი სესხი. შედეგად სალომბარდე სესხების წილმა საკმაოდ იმატა. მიუხედავად ამ ზრდისა, რეგულაციებმა და ლოქდაუნმა მაინც მძიმე ასახვა ჰპოვა ჩვენს სექტორზე. მიუხედავად იმისა, რომ სესხების წილი გაიზარდა, მოსახლეობის გადახდისუნარიანობა შემცირებულია.

ახალმა კანონმდებლობამ ერთის მხრივ ნამდვილად გამოიწვია სექტორის გაჯანსაღება, მაგრამ 2020 წელს ამოქმედდა ბევრი ისეთი რეგულაცია, რამაც გაართულა მუშაობა. მაგალითად რეგულაცია იდენტიფიკაცია ვერიფიკაციის შესახებ. ამის გარდა, ამ წლიდან ჩაეშვება ახალი კანონი, რომელიც სესხის გამცემ სუბიექტებს მიღებული უზრუნველყოფების სპეციალურ პორტალზე ატვირთვას ავალდებულებს. ეს ყველაფერი იწვევს დამატებით ხარჯებს ორგანიზაციებისთვის. მართალია, ამით სესხის გამცემი სუბიექტები უფრო მეტად დაცული იქნებიან არაკანონიერი გზით მოპოვებული ნივთის მიღებისგან, თუმცა მერწმუნეთ, პროცედურულად და პროგრამული უზრუნველყოფის მხრივ ფინანსურად საკმაოდ მძიმეა. ეს არიან მცირე კომპანიები და ეს უნდა იქნას გათვალისწინებული.

2021 წელი ჩვენი ვარაუდით, იქნება საკმაოდ მძიმე. მიუხედავად სესხების ზრდისა, ამ პორტფელების დიდი ნაწილი ვადაგადაცილებული სესხებია. ველოდებით, რომ მოხდება ამ სესხების ნაწილ-ნაწილ რესტრუქტურიზაცია და სამწუხაროდ, ნაწილის რეალიზაცია. გადახდის უნარიანობის დაქვეითებიდან გამომდინარე, ველოდებით მძიმე წელს“, - განაცხადა სოფო კალანდაძემ ,,საქმეში“.

თამარ მუკბანიანი