ვაანონსებ, რომ დაახლოებით ერთ თვეში სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო ობიექტების განახლებული ჩამონათვალი გვექნება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
ნათია თურნავას განცხადებით, მიმდინარე წელს ეკონომიკური აღდგენის ერთ-ერთი მიმართულება სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაა. როგორც მან აღნიშნა, ერთ თვეში სახელმწიფო ბიზნესს 10, წლის განმავლობაში კი 50-მდე სახელმწიფო საწარმოს შესთავაზებს, რომლის გაყიდვაც განიხილება.
„2021 წელს 4%-იანი ეკონომიკური ზრდა საკმაოდ რთულად მისაღწევია, რადგან გაურკვევლობა დარჩა პანდემიასთან დაკავშირებით. რაც შეეხება, რაც ვაკეთებთ ეკონომიკის ზრდისთვის, ესაა მასშტაბური პრივატიზაციის განახლებული პროგრამა. ამ მიმართულებით დაახლოებით ერთ თვეში ბევრი სიახლე გვექნება, განახლებული ჩამონათვალი, როგორც ქონების ასევე სახელმწიფო საწარმოების. სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით ორი მიმართულებით მივდივართ. არის სტრატეგიული ობიექტები, რკინიგზა, ელექტროსისტემა, გაზის კორპორაცია, რომელთა პრივატიზაცია ჯერჯერობით არ განიხილება, მათი კორპორატიზაცია და რეფორმირება მიდის“, - აღნიშნა მინისტრმა.
რაც შეეხება ქუთაისის პარლამენტის ყოფილი შენობის და ე.წ. რიყის დოქების პრივატიზების საკითხს, ნათია თურნავას განცხადებით, ინვესტორების მხრიდან დაინტერესება არის, თუმცა მთავარი საკითხი ობიექტების ფასია.
„ინტერესი რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ მთავარია პირობები. პირდაპირ გეტყვით, თავის დროზე ორივე ობიექტზე ბევრი დაიხარჯა, გაბერილი ღირებულებით გვიზის ეს ობიექტები ბალანსზე. ახლა რიყის დოქებს 25%-იანი ფასდაკლებით ვყიდით. შევხედავთ, როგორ წავა და სადაა სწორი ფასის ნიშნული. მყარად ვართ დარწმუნებული, რომ კერძო ინვესტორი მოინახება“, - აღნიშნა მინისტრმა.გაზიარება