ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ კომპანიებისთვის, რომლებმაც ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდია ვერ მიიღო, შესაძლოა სარეგისტრაციო პორტალი ხელახლა გაიხსნას.
როგორც ნათია თურნავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პურის მწარმოებლების თხოვნის საპასუხოდ აღნიშნა, სავარაუდოდ, მათ მეორე შანსი მიეცემათ.
„ პორტალიც გაკეთდა, საინფორმაციო კამპანიაც იყო წარმართული. პრემიერ-მინისტრისგანაც არერთხელ გაკეთდა განცხადება. ჩვენთვის ცოტა უცნაური იყო ეს, მაგრამ ვუშვებთ იმას, რომ ვიღაცამ სანამ ქვითარი არ მიიღო, არ დაინტერესდა. ვსწავლობთ ამას და შესაძლოა, ხელახლა გამოცხადებაზე ვიმსჯელოთ, მათთვის ვინც ვერ მოასწრო. მივუბრუნდებით საკითხს, სავარაუდოდ მათ მეორე შანსი მიეცემათ“, - აღნიშნა მინისტრმა.
ცნობისთვის, მთავრობა საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს 2021 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის 50%-ს უსუბსიდირებს. როგორც „პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძე აცხადებს, ბევრმა მსხვილმა წარმოებამ გაზრდილი ტარიფების სუბსიდია ვერ მიიღო, რადგან სათანადოდ არ იყო ინფორმირებული რეგისტრაციასთან დაკავშირებით.