ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში ტურისტების ნაკადი გაზაფხულიდან უფრო მეტად კი მაისში გაიზრდება.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა აპრილიდან „ვიზეარი“ აპირებს ფრენების განახლებას რაც ამ პროცესს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.
ამასთანავე, მინისტრის განმარტებით, ის, რომ საქართველო მკაცრად იცავს რეგულაციებს, ეს მას უფრო მეტად მიმზიდველს ხდის ტურისტებისთვის, რადგან პასუხისმგებლიანი ტურისტი ისევ ქვეყანაში არ წავა, სადაც ეპიდვითარებას ყურადღებას არ აქცევენ.
„ტურიზმის აღდგენასთან დაკავშირებით, მე ციფრებს მოვიყვან, არის სხვადასხვა პროგნოზი, მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზია, რომ 2019 წლის 25%-ზე აღდგება, ეს კონსერვატიული პროგნოზია, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა, რომელმაც ორი დღის გამოაქვეყნა თავისი რეიტინგი და ძალაში დატოვა ჩვენი ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, ვარაუდობს, რომ 50%-ით აღდგება, ჩვენც ვფიქრობთ, რომ მაქსიმუმ, ალბათ, 40-45% იქნება 2019 წლის. ის რომ ტურიზმს უწევს წინაპირობების შესრულება და ხელმძღვანელობა ჯანდაცვის პროტოკოლებით, პირიქით, უფრო მიმზიდველს ხდის საქართველოს, იმიტომ, რომ, მერწმუნეთ, პასუხისმგებლიანია დღევანდელი ტურისტი, ის არ ჩამოვა ისეთ ქვეყანაში, სადაც არ ადარდებთ ეპიდვითარება, ასეთი ქვეყანა მე არ მეგულება, მაგრამ საქართველო არის გამორჩეული ამ თვალსაზრისით - სიმკაცრით, მაგრამ გონივრული სიმკაცრით. რა თქმა უნდა, პირველი ვიზიტორები უკვე შემოდიან, მაგრამ უფრო მეტად ვფიქრობთ გაზაფხულის სეზონი, მარტი, აპრილი და უფრო მეტად მაისი, იმიტომ, რომ ავიაკომპანიები ამ პერიოდისთვის უფრო მეტად აახლებენ ფრენებს, იგივე „ვიზიარი“ აპრილში ფიქრობს ფრენების განახლებას და აქედან ველოდებით საკმაოდ დიდ ნაკადს. ისრაელი როგორც კი მიიღებს გადაწყვეტილებას საკუთარი აეროპორტის გახსნისა, ასევე ჩვენი ტუროპერატორები ემზადებიან, რომ შემოიყვანონ. ტურისტი იმიტომ შემოვა, რომ ჩვენ ვიცავთ ამ შეზღუდვებს, ჩვენ ვიცავთ ამ რეგულაციებს ანუ დაუდევარ ქვეყანაში არ შემოვა ტურისტი და პირიქით, ჩვენ ამ თვალსაზრისით ვართ დადებითად განწყობილები, ჩვენ ვპოზიციონირებთ, როგორც უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანა. შეიძლება შიგნით არ გვქონდეს ისეთი მონაცემები, ეპიდვითარების, როგორიც გვინდა, რომ გვქონდეს, მაგრამ როგორც მასპინძელი, ვართ სრულად უსაფრთხო,“- განაცხადა ნათია თურნავამ.