მოსალოდნელია თუ არა სუპერმარკეტებში პროდუქტებზე ფასების ზრდა? - ეკონომისტთა შეფასებები

1-ლი იანვრიდან საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი საშუალოდ 11-13 თეთრით გაძვირდა, თუმცა საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდის თავიდან ასაცილებლად, მთავრობამ გარკვეული ეკონომიკური საქმიანობებისთვის სუბსიდირების პროგრამა დაამტკიცა.

პროგრამის ფარგლებში, პროდუქტების მწარმოებელ სხვადასხვა ბიზნესს 2020 წლის ტარიფთან შედარებით არსებული სხვაობის 50% დაუსუბსიდირდება - საშუალოდ 5.5-6.5 თეთრი 1კვტ.სთ-ზე.

სუბსიდირების პროგრამაში მოხვდნენ მეწარმეები, თუმცა მთავრობის დადგენილება არ შეეხო საცალო გაყიდვებს, შესაბამისად, ქსელური მარკეტები თუ ჩვეულებრივი მაღაზიები ოპერირებას გაზრდილი ტარიფის პირობებში აგრძელებენ.

საინტერესოა, აისახება თუ არა ეს საკვები პროდუქტების ფასებზე და უნდა ველოდოთ თუ არა მათ ზრდას?

როგორც ეკონომისტთა ნაწილი აღნიშნავს, სხვადასხვა ბიზნეს სექტორის მხრიდან სუბსიდირებაზე მოთხოვნა ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო იქმნება, ამიტომ თავდაპირველად, აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად უნდა გადაიდგას ნაბიჯები. ამასთან, ისინი ვარაუდობენ, რომ საცალო გაყიდვებით დაკავებულ ბიზნესებს შესაძლოა, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდამ საკვებ პროდუქტებზე ფასების მომატებისკენ უბიძგოს.

ეკონომისტ ირაკლი მაკალათიას შეფასებით, ფასების კორექტირებასთან დაკავშირებით კონკრეტული სცენარის პროგნოზირება რთულია, თუმცა ცალსახაა, რომ ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება, იმ პირობებში, როცა მათზე სუბსიდირება არ ვრცელდება, ბიზნესს ხარჯებს გაუზრდის.

„ცხადია, ეს ბიზნესს სტიმულს მისცემს, რომ პროდუქცია გააძვიროს, შემდეგ რამდენად აისახება ეს გაძვირებაში, ამის პროგნოზირება რთულია. სხვა საკითხია, როგორ ეზრდებათ თავიანთი დანახარჯები და მოგებასთან როგორ დააბალანსებენ კონკურენტ მარკეტებთან შედარებით, თუმცა ცალსახად ნიშნავს იმას, რომ იმ ობიექტებს, რომელზეც არ ვრცელდება სუბსიდირება, ეს დანახარჯებს გაუზრდის და სტიმულს გაუჩენს, რომ გაზარდონ ფასი ან ამის პერპექტივა ჰქონდეთ. როცა ვმსჯელობთ საკითხზე, დავასუბსიდიროთ თუ არ დავასუბსიდიროთ, ეს პრობლემატიკა ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე დგას. დაბალი ეკონომიკური აქტივობიდან გამომდინარე არც ბიზნესი და არც მოქალაქეები არ არიან მაღალშემოსავლიანები, სწორედ ამიტომ ვითხოვთ-ხოლმე დახმარებებს“, - აღნიშნა ეკონომისტმა.

მისივე თქმით, ტარიფების ზრდაზე ასევე ზეგავლენას ახდენს ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილება და სახელმწიფოს მხრიდან ელექტროენერგიასა და გაზზე მონოპოლიური რეჟიმი.

ეკონომისტი ლაშა გოცირიძეც აღნიშნავს, რომ რთულია, კონკრეტული ვადების პროგნოზირება, თუ როდის აისახება ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა პროდუქტების ფასებზე.

„ზოგადად, სუბსიდირების მიზანია, რომ რაღაცის გაძვირებას ხელი შეუშალოს. ბუნებრივია, გარკვეული ბიზნესგმენტის სუბსიდირება თუ არ მოხდება, მას ხარჯები ეზრდება და დროთა განმავლობაში ფასებმა შეიძლება მოიმატოს, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ეს მოხდება ერთ დღეში, ერთ კვირაში თუ ერთ თვეში, ძალიან ინდივიდუალურია და ამაზე არანაირი კონკრეტული რეცეპტი არ არსებობს. სამწუხარო, მაგრამ გარდაუვალი იყო, რომ ელექტროენერგიის ტარიფი დაახლოებით, 50%-ით გაუძვირდა ბიზნესს და ის გადაწყვეტილება, რაც მთავრობამ მიიღო ანუ სუბსიდირების განხორციელება პირიქით, არასწორია. სუბსიდირების ნემსზე ჩვენნაირი ეკონომიკის მქონე ქვეყანა არ უნდა დაჯდეს“, - აღნიშნა მან.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე განმარტავს, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისი ფასების ზრდას მაინც გამოიწვევს, რადგან აქამდე არსებული პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდა. მისივე თქმით, ელექტროენერგიის ხარჯის ზრდა კომპანიებს ხარჯებს გაუზრდის, რაც საბოლოო ჯამში, ფასებზე აისახება.

„ზოგადად, ფასში აისახება ყველაფერი, ყველა ის ხარჯი, რაც კომპანიას ან ორგანიზაციას აქვს. ამ შემთხვევაში, ერთი არჩევანია, რომ კომპანიამ რაღაც სხვა ხარჯი შეამციროს, მაგრამ ამ პირობებში, როდესაც ეკონომიკური კრიზისია და ხარჯები ზოგადად, გაზრდილია, მისი ბრუნვა მაინც საბოლოო ჯამში, ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, შემცირდება, ამიტომ ელექტროენერგიის გაძვირება, თავისთავად, დამატებითი ხარჯს წარმოადგენს“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ზოგადად, სუბსიდირება პროცესის გაწელვა და კრიზისის დროებით გადადებაა, რადგან ეკონომიკური კრიზისი ფასებისა და უმუშევრობის დონის ზრდას მაინც გამოიწვევს.