„ადამიანებს უწევთ, ყველაფერი გააკეთონ, რომ მცირე თანხა მიიღონ. ამისთვის ისინი აბარებენ სხვადასხვა ნივთებს თუ ოქროს“, - ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
აღნიშნულით ის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგების რეკოდრულ ზრდას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მისო-ებმა 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, 44,8 მლნ ლარით მეტი სარგებელი ნახეს. გაცემულ სესხებს შორის კი, სალომბარდე სესხები ლიდერობს.
„რეკორდულად გაიზარდა მოგება წინა წელთან შედარებით, თუმცა ზოგადად, ეს არ არის რეკორდული მოგება. ბევრად უფრო დიდი მოგება ჰქონდა ამ სექტორს. თუ თვალს გადაავლებთ ამ სექტორის ფინანსურ შედეგებს, ბოლო 4-5 წლის პერსპექტივით, ნახავთ, რომ რეკორდულად დაეცა მოგება და პრინციპში, შარშანდელი წელი იყო პირველი ნაბიჯი აღდგენისკენ.
თუ ამ სექორის სტრუქტურას შეხედავთ, იქ გამოჩნდება კონკრეტულად რომელი მიმართულება იყო უფრო მომგებიანი. ჩვენი კომპანიის, „კრისტალის“ მაგალითზე რომ ავიღოთ, რომელიც მიკროსაფინანსო სექტორის მესამედს წარმოადგენს, მოგებაზე ვერ გავედით. გვქონდა მცირედი ზარალი იმიტომ, რომ ჩვენი სესხების ტიპი და სტრუქტურა ლომბარდულ სესხებს ძალიან მცირე დოზით მოიცავს. სალომბარდე ბაზარზე გვიჭირავს დაახლოებით, 5%, მაშინ, როდესაც ვართ ძალიან მსხვილი მოთამაშე“,- განაცხადა არჩილ ბაკურაძემ.
კითხვაზე, რამ გამოიწვია სალომბარდე სესხებზე მოთხოვნის ზრდა, „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ქვეყანაში არსებულმა სოციალურმა მდგომარებამ.
„მოსახლეობის სოციალური პრობლემები იწვევს ასეთი ტიპის გადაუდებელ საფინანსო პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდას. ადამიანებს უწევთ ყველაფერი გააკეთონ, რომ მცირე თანხა მიიღონ. ამისთვის ისინი აბარებენ სხვადასხვა ნივთებს თუ ოქროს. გარდა ამისა, გვაქვს სხვადასხვა ტიპის სალომბარდე მოდელები, რომელთა შორის ძრითადად არის ძვირფასი ლითონები. ამ პროდუქტს გააჩნია ძალიან დაბალი რისკი, რადგან გადაუხდელობის შემთხვევაში, ორგანიზაცია ფაქტობრივად, არაფერს არ კარგავს. შესაბამისად, თუ რისკები მცირეა, მოთხოვნა და შემოსავლები კი იზრდება, ასეთი ორგანიზაციები ძალიან დიდ მოგებას ღებულობენ. თუმცა, ეს დროებითი მოვლენაა, არ არის მდგრადი მოდელი და როდესაც სიტუაცია უმჯებესდება, ადამიანები უკვე ჩვეულებრივ, კლასიკურ მიკროსაფინანსო თუ საბანკო მომსახურებას მიმართავენ“,- განაცხადა არჩილ ბაკურაძემ.
ცნობისათვის, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, 2020 წელი მისო-ებმა 44 853 697 ლარის მოგებით დახურეს, დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ კი 96 604 829 ლარი შეადგინა. ეს მაშინ, როდესაც 2019 წელს მხოლოდ 12 123 ლარის მოგება ნახეს.
ამასთან, გაზრდილია გაცემული სესხების მოცულობაც, კერძოდ, 2019-ში ის შეადგენდა 1,129 მლრდ ლარს, 2020 წელს კი მისო-ებმა 1,184 მლრდ ლარის მოცულობის კრედიტი გასცა.
რაც შეეხება დარგებს, სადაც 2020 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, ყველაზე მეტი სესხი გაიცა, ასე გამოიყურება: