ათეულობით ბიტკოინი და ასეულობით ეთერიუმი - რა ქონებას ფლობს გიორგი ვაშაძე

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მანდატებზე უარს ამბობენ და მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედიან, მათ ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვთ. მმართველი გუნდის მხრიდან უკვე გაკეთდა განცხადებები, რომ ან დეკლარაციები უნდა შეავსონ, ან ჯარიმა გადაიხადონ, რომელიც 1000 ლარს შეადგენს.

რიგი ოპოზიციონერების განცხადებით, ისინი დეკლარაციის შევსებას არ აპირებენ, თუმცა, ზოგიერთმა მათგანმა დეკლარაცია უკვე შეავსო, იმის მიუხედავად, რომ პარლამენტში არ შესულა.

ერთ-ერთი, ვინც ქონებრივი დეკლარაცია წარადგინა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძეა.

2021 წლის 11 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ვაშაძე ფლობს ბინას და ავტოფარეხს თბილისში, რომელიც 2010 წელს აქვს შეძენილი. ამასთან, როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ვაშაძე ფლობს 57 ბიტკოინსა და 315 ეთერიუმს, რომელიც შესაბამისად, 2013 და 2016 წლებში აქვს შეძენილი. შეძენის დროს ბიტკოინში 18 000, ხოლო ეთერიუმში - 5 000 დოლარი აქვს გადახდილი. დღეის მდგომარეობით კი, ერთი ბიტკოინის ღირებულება - 49 049, ხოლო ეთერიუმის - 1 798 დოლარია.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში გიორგი ვაშაძეს საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 15 885 ლარი; 11 547 დოლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი - 12 000 ლარი და 7 000 დოლარი ჰქონდა. მისმა შემოსავალმა გასულ წელს ინოვაციებისა და განვითარების ფონდის ექსპერტის პოზიციაზე - 40 078 ლარი შეადგინა. მანვე გასულ წელს საარჩევნო ფონდში 60 000 ლარის შენატანი განახორციელა.

რაც შეეხება მის ოჯახს, დეკლარაციის თანახმად, მისი მეუღლე ფლობს არასაცხოვრებელ ფართს თბილისში, რომელიც 2007 წელს ჩუქებით აქვს მიღებული. მასვე საბანკო ანგარიშებზე ჯამში - 53 499 ლარი; 125 010 დოლარი; 44 648 ევრო; ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით - 5 000 დოლარი ჰქონდა. მისმა შემოსავალმა 2020 წელს ინოვაციებისა და განვითარების ფონდის დირექტორის პოზიციაზე - 37 025 ლარი შეადგინა. ამასთან, მისმა შენატანმა საარჩევნო ფონდში - 60 000 ლარი შეადგინა.