"გუშინ, დედაქალაქში, 70-მდე ობიექტის ღია სივრცე გაიხნა“ - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გუშინ გახსნილი რესტორნების ნაწილთან ჰქონდა კომუნიკაცია და შედეგი მოულოდნელად პოზიტიურია.
,,გუშინ დედაქალაქში 700 კაფე-რესტორნიდან 70-მდე ობიექტის ღია სივრცემ განაახლა მუშაობა. ხელი შეუწყო ამინდმა და იმანაც, რომ მომხმარებელი იყო მონატრებული კაფე-რესტორნებს. ობიექტების მფლობელების მხოლოდ ნაწილთან მქონდა გუშინ კომუნიკაცია და მოულოდნელად დადებითი შეფასება მოჰყვა. ვერ გეტყვით დანარჩენთან, ვინც გახსნა როგორი იყო შეფასებები, სრული ფონი არ ვიცი როგორია. დღეს უკვე ცუდი ამინდის გამო, ბუნებრივია, განსხვავებული იქნება სიტუაცია“-განუცხადა ბურჯანაძემ ,,ბიზნესპრესნიუსს“.
შეგახსნებთ, თითქმის 3-თვიანი დახურვის შემდეგ, გუშინ კვების ობიექტებს პირველად მიეცათ ადგილზე სტუმრების მიღების უფლება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით კაფე-რესტორნების მხოლოდ ღია სივრცეები იფუნქციონირებს.