სადაზღვევო კომპანიებს მესაკუთრეებზე სრული ინფორმაციის გასაჯაროება მოუწევთ

საქართველოში მოქმედ სადაზღვევო კომპანიებს მათ მესაკუთრეებზე სრული ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულება ექნებათ. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის დავით ონოფრიშვილის მიერ გამოცემულ ბრძანებაში.

აღნიშნული ბრძანების მიხედვით, ინფორმაციის გასაჯაროვების ვალდებულება კომპანიის 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის მფლობელების შესახებ მოუწევთ.

"მზღვეველის მიერ აქციების 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის უშუალო მესაკუთრის და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების მიზანია მზღვეველის საქმიანობის გამჭვირვალობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საბაზრო დისციპლინის გაძლიერება და სადაზღვევო სექტორისადმი ნდობის ამაღლება.

მზღვეველი ვალდებულია, ფლობდეს ამ წესით გათვალისწინებულ ინფორმაციას მზღვეველის 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის უშუალო მესაკუთრის შესახებ და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ.

ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ყველა მზღვეველისთვის", - ნათქვამია ბრძანებაში.

ამასთან, ბრძანების მიხედვით, მზღვეველი ვალდებულია უზრუნველყოს ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის მუდმივი და შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა დაინტერესებული პირებისთვის, მისი გასაჯაროების გზით. ამ მიზნით იგი ვალდებულია გამოაქვეყნოს სრული, ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია საკუთარ ვებგვერდზე, ამ წესზე თანდართული დანართების შესაბამისად.

ცნობისათვის, დღეის მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებულია სულ 18 სადაზღვევო კომპანია, მათგან 17 კომპანია ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.