,,დარჩენილი ერთი თვის გახსნა დაგვეხმარება, რომ მივიღოთ კოვიდთან თანაცხოვრების გამოცდილება“, - ამის შესახებ, ტურისტული კომპანიის "ტრაფიკ თრეველის" მმართველმა პარტნიორმა ცოტნე ჯაფარიძემ რადიო „პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ განაცხადა.
მისი თქმით, არ არსებობს რელევანტური არგუმენტი, თუ რატომ არ იხსნება მთის კურორტები.
,, ახლა ვიმყოფები გუდაურში, ცენტრალურ ადგილას და ვხედავთ ტერიტორიას, რომელიც განადგურებულია. ყველაფერი დაკეტილია. ბიზნესი, რომელიც ყვაოდა და იზიდავდა მომხმარებლებს, გაპარტახებულია და აქაურობა, დამსგავსებულია მოჩვენებათა ქალაქს. ჩვენ გვინდა ჩვენი ხმა გავაგონოთ მთავრობას და მივიღოთ რეალური პასუხი, რატომ არ ხსნიან კურორტს? ჩვენი მოთხოვნაა, რომ შეგვხვდეს პრემიერი და არა ვინმე სხვა დაბალი რგოლის წარმომადგენელი. აგვიხსნას და დაგვისაბუთოს, რატომ არის საშიში მთის კურორტების გახსნა ყველა რეგულაციის დაცვით.
მთის კურორტების გახსნა, მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ახლა უნდა ვისწავლოთ ჩვენ კოვიდთან თანაარსებობა და სწორი მენეჯმენტი, რათა მომავალ სეზონზე გამოცდილება გვქონდეს დაგროვებული. ეჭვი მეპარება, რომ იქამდე, კოვიდი სადმე წავა. 1 თვეა დარჩენილი სეზონის ბოლომდე და თოვლი საკმარისზე მეტია. ამას კი გამოვიყენებთ, სწორი მენეჯმენტისთვის მომავალში.
აქციას უერთდება ადგილობრივი მოსახლეობაც, რომელიც ამ სექტორში იყვნენ დასაქმებულები. რაც შეეხება ყაზბეგს, ისინი ვერ ჩამოდიან, დიდი თოვლის და კლიმატური პირობების გამო. ვეცადეთ, რომ მაქსიმალურად, ყველასათვის მიგვეწვდინა ხმა. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება აქციაზე ითვლის თავებს და არა არგუმენტებს“, - განაცხადა ჯაფარიძემ ,,საქმეში“.
ცნობისთვის, გადავარჩინოთ მთის კურორტები! - ამ მოთხოვნით დღეს, გუდაურში ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები მორიგ საპროტესტო აქციას ატარებენ.