ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, სრულად მოახდინოს იმ დოზების მობილიზება, რაც სჭირდება ქვეყნის 60%-ის ვაქცინაციას და ვაქცინაციის გეგმის მიღწევას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, პრემიერ-მინისტრსა და სამედიცინო სფეროს ექსპერტებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ მოსახლეობის 60%-ის მოცვა მოხდეს დაგეგმილ ვადებში, წლის ბოლომდე.
„ექსპერტებთან კონსულტაციები ვაქცინაციასთან დაკავშრებით იზრდება როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანა აქტიურად ემზადება უახლოეს პერიოდში ვაქცინაციის პროცესის დასაწყებად. განიხილება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის უფრო ფართოდ გამოყენების შესაძლებლობა. გვქონდა საუბარი ასევე „Pfaizer”-ის ვაქცინაზეც. განვიხილავთ მოსალოდნელ ვაქცინებს, რომლებიც არის ავტორიზაციის პროცესში და ეტაპობრივად დაემატება კოვაქსის პლატფორმასაც და მწარმოებელთან პირდაპირი კომუნიკაციის გზითაც იქნება შესაძლებელი ამ ვაქცინების მიღება. ექსპერტებთან ვისაუბრეთ ამ პერსპექტივების შესახებ და სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ მოსახლეობის 60%-ის მოცვა მოხდეს დაგეგმილ ვადებში, წლის ბოლომდე. პროცესი ეტაპობრივად გაფართოვდება, ისე, როგორც გაწერილია გეგმის მიხედვით, რისკის ჯგუფების შესაბამისად, სამედიცინო პერსონალიდან დაწყებული, შემდეგ უკვე სხვა ასაკობრივი ჯგუფები, ქრონკული დაავადების მქონე პირები, სტრატეგიულ სერვისებში დასაქმებული პირები, რაც ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ სრულად მივიღოთ შედეგი, რასაც ვაქცინაციის პროგრამის შედეგად ვგეგმავთ. რა თქმა უნდა, ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მოლოდინი ყველას გვაქვს, იგივე პროგნოზები ისმის ექსპერტების მხრიდანაც, ასე რომ, ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, უფრო სწრაფი ტემპებით, სრულად მოახდინოს იმ დოზების მობილიზება, რაც სჭირდება ქვეყნის 60%-ის ვაქცინაციას და ვაქცინაციის გეგმის მიღწევას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.