საკონსულტაციო კომპანია Duff & Phelps-ის ინფორმაციით, ბანკირების და აქტივების მენეჯერების მზარდი რაოდენობა, ნიუ- იორკს მთავარ ფინანსურ ცენტრად მიიჩნევს და მოელის, რომ ბრექსიტის ფაქტორი, მსოფლიო ფინანსურ სექტორში ლონდონის როლს დააკნინებს.
Duff & Phelps-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში, ევროპის, აზიის და ამერიკის 250 ბანკის და აქტივების მმართველი კომპანიის ფინანსური ექსპერტები და ანალიტიკოსები მონაწილეობდნენ. მათმა 60 პროცენტმა ნიუ-იორკი მსოფლიოს ლიდერ ფინანსურ ცენტრად დაასახელა. შედარებისთვის, შარშან ჩატარებულ ანალოგიურ კვლევაში, ნიუ-იორკს უპირატესობა 56 პროცენტმა მიანიჭა.
კვლევის შესაბამისად, რესპონდენტთა მხოლოდ 31 პროცენტი თვლის, რომ ლონდონი კვლავაც მსოფლიოს ლიდერი ფინანსური ცენტრია. შარშან ლონდონის პირველობას გამოკითხულთა 34 პროცენტი აღიარებდა. რესპონდენტთა 50 პროცენტზე ოდნავ მეტი თვლის, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა, ლონდონს, როგორც ფინანსური ცენტრის სტატუსს დააკანინებს.
ბრექსიტის შემდეგ, ბანკების და სხვა ფინანსური დაწესებულების დაახლოებით 7 500 თანამშრომელი, ლონდონიდან ევროპის სხვა ნაწილში გადავიდა. ბრიტანეთის დედაქალაქიდან კი იმავე ევროპის მიმართულებით, ტრილიონზე მეტი ევროს ღირებულების აქტივი გადავიდა. ყოველივეს გამო, ევროპაში აქციებით ვაჭრობის უდიდესი ცენტრის სტატუსი, ლონდონს ამსტერდამმა ჩამოართვა.
Duff & Phelps-ის კვლევაში მონაწილე რესპონდენტთა დაახლოებით მეხუთედი თვლის, რომ უახლოეს ხუთ წელიწადში, მსოფლიოს ფინანსური ცენტრის სტატუსს ჩინეთი მიიღებს.