2021 წლის იანვარში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 94.5%-ით შემცირდა. მათ შორის, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 93.6%-ით, ხოლო საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 91.9%-ით შემცირდა. ამის შესახებ PMCG-ის კვლევაშია აღნიშნული.
ამავე მონაცემების მიხედვით, საქართველოს სათხილამურო კურორტებიდან, ვიზიტორთა რაოდენობის კუთხით, გუდაური დომინირებს. მისი საშუალო წილი კურორტებზე მთლიან ვიზიტორებში გაანალიზებული პერიოდის განმავლობაში 67%-ს შეადგენს. ბაკურიანის წილმა ამავე პერიოდში კი საშუალოდ 26% შეადგინა. დარჩენილი 7% ნაწილდება 3 შედარებით ახალ სათხილამურო კურორტზე - გოდერძი აჭარაში, და ჰაწვალი და თეთნულდი მესტიაში.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, სათხილამურო სეზონის ხანგრძლივობა ხუთივე კურორტზე და ყველა სეზონზე განსხვავებულია. ყოველი სეზონის საშუალო ხანგრძლივობა დათვლილია როგორც ხუთივე კურორტის ინდივიდუალური ხანგრძლივობების საშუალო.
„2014-2015 წლიდან 2018-2019 წლების ჩათვლით, თითო სათხილამურო დღეზე მიღებული შემოსავლები ყოველწლიურად საშუალოდ 33%-ით იზრდებოდა, ხოლო 2019-2020 წლების სეზონზე მოკრძალებული, 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა (მთლიანი გაყიდვების შემცირება დაკომპენსირდა ამ სეზონში სათხილამურო დღეების რაოდენობის კიდევ უფრო დიდი კლებით).
საერთო ჯამში, COVID-19 პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა სათხილამურო კურორტების სწრაფად მზარდი სექტორი. მან 2019- 2020 წლების ზამთრის სეზონზეც კი მოახდინა გავლენა ვიზიტორთა რაოდენობისა და გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლების მოცულობის კუთხით. იმის გამო, რომ 2020-2021 წლების ზამთრის სეზონი პრაქტიკულად გაუქმდა ქვეყანაში არახელსაყრელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, გადამწყვეტი, მაგრამ ამავდროულად უკიდურესად რთული იქნება, რომ სექტორმა მოახერხოს და დაუბრუნდეს პანდემიამდელ მაჩვენებლებს და განვითარების ტემპებს“,- აღნიშნულია კველვაში.