ჯანდაცვის მინისტრს წამოსცდა, რომ ჩვენ ზაფხულს არ გავიმეორებთო. თურმე წინასწარვე სცოდნიათ, რომ წელს ზამთრის კურორტები არ გაიხსნებოდა,- ამის შესახებ „საქართველოს სასტუმროების ფედერაციის” დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა ბიზნეს ასოციაციების მიერ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
10 ბიზნეს ასოციაციის პრემიერ-მინისტრისადმი მიმართვის 7 პუნქტიდან ერთ-ერთი 22 თებერვლიდან მთის კურორტების გახსნას ეხება.
როგორც შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, ყოველდღიურად 20 000 პოტენციურ ტურისტს ვკარგავთ.
„მთის კურორტების დაუყოვნებლივ გახსნა უკვე აუცილებლობაა, რომ რაღაც მინიმალური შემოსავალი მაინც მიიღონ მთის კურორტებმა. სამწუხაროდ, ჯანდაცვის მინისტრს წამოსცდა, რომ ჩვენ ზაფხულს არ გავიმეორებთო, თურმე ეს ყოფილა წინასწარ დაგეგმილი, წინასწარვე სცოდნიათ, რომ წელს არ გაიხსნებოდა მთის კურორტები. ამის ცოდნა მთლიანად კერძო სექტორს სჭირდებოდა იმისთვის, რომ მინიმუმ ადამიანებს ზედმეტი სესხები არ აეღოთ ბანკში ობიექტების რეგულაციების დაცვისთვის მოსამზადებლად. თურმე წინასწარვე სცოდნიათ, რომ წელს ზამთრის კურორტები არ გაიხსნებოდა. ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო, როდესაც კერძო სექტორს არ აფრთხილებ და შემდეგ აყენებ ფაქტის წინაშე. დღესდღეობით დღეში 20 000 პოტენციურ ტურისტს ვკარგავთ“,-აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა.
ცნობისთვის, 10 ბიზნეს ასოციაცია პრემიერ-მინისტრსა და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიმართავს. ბიზნეს ასოციაციების ერთობლივი მიმართვა 7 პუნქტისგან შედგება. მოთხოვნებს შორისაა 22 თებერვლიდან მთის კურორტების გახსნა და სარესტორნო ბიზნესისთვის მუშაობის უფლების მიცემა დახურულ სივრცეებშიც. ამასთან, ბიზნესი „კომენდანტის საათის“ ორი საათით გადაწევას და შაბათ-კვირას მუშაობის ნებართვას ითხოვს.