TI სენაკის საკრებულოს წევრის კომპანიის მიერ მოგებული ტენდერების შესწავლას ითხოვს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ინფორმაციით, სენაკის საკრებულოს წევრის კომპანია ტენდერებს იგებს, რის გამოც ორგანიზაცია ანტიკორუფციულ სააგენტოს მოუწოდებს, შეისწავლოს თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს. კერძოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევით, სენაკის საკრებულოს წევრმა დათო ადამიამ და მისმა კომპანია - შპს “დაგიმ” 2011 წლიდან დღემდე ჯამში 87 ტენდერი მოიგო. ასევე მიიღო 80 გამარტივებული შესყიდვა. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 6,779,143 ლარი შეადგინა.

მათივე ინფორმაციით, დათო ადამია სენაკის საკრებულოს წევრი, პარტია “ქართული ოცნებიდან” 2017 წელს გახდა. იგი შპს “დაგის” 100% წილის მფლობელი და დირექტორია. “დაგი” სახელმწიფო შესყიდვებში 2015 წლიდან ჩაერთო. მანამდე, 2011 წლიდან დათო ადამია შესყიდვებში ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით მონაწილეობდა. ორივე შემთხვევაში ძირითადი შემსყიდველები არიან სენაკის მუნიციპალიტეტი და მისი იურიდიული პირები, ასევე სენაკის სხვადასხვა საჯარო სკოლა. შპს “დაგის” ჩართულობა სენაკის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვებში, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით, აჩენს ეჭვებს პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით.

„ მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს”,-აღნიშნულია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევაში. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.