„ადიდასი“ ადასტურებს, რომ „რიბოკის“ გაყიდვას გეგმავს

სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი გერმანული კომპანია „ადიდასი“ აცხადებს, რომ ამერიკულ ბრენდ „რიბოკის“ გაყიდვას გეგმავს. ამის მიზეზად სახელდება ის ფაქტი, რომ იმ 15 წელიწადში, რაც „რიბოკს“ ფლობს, მისი ბიზნესის მომგებიან რელსებზე გადაყვანა ვერ მოახერხა.

„ადიდასს“ შემუშავებული აქვს ხუთწლიანი გეგმა, რომელიც „რიბოკის“ აქციების სრულად გაყიდვას ითვალისწინებს. გეგმის წარდგენა 10 მარტს არის დანიშნული, როცა ეგრეთ წოდებული ინვესტორის დღე გაიმართება.

გერმანულმა კომპანიამ ამერიკული კონკურენტი 2006 წელს შეისყიდა და მასში 3.8 მილიარდი დოლარი გადაიხადა. მაგრამ შარშანდელი ანგარიშის შესაბამისად, „რიბოკის“ აქტივები 1 მილიარდ დოლარად შეაფასა.

გერმანულ ჟურნალ „მენეჯერის“ მიერ ოქტომბერში გავრცელებული ინფორმაციით, „რიბოკის“ შესყიდვა შესაძლოა ამერიკულ კომპანია „V.F. კორპორეიშენს“ და ჩინურ „ანტა სპორტსს“ სურდეთ.