"ჩვენს უცვლელ პრიორიტეტად რჩება რეგიონებში გამართული წყალმომარაგების უზრუნველყოფა"

ჩვენს უცვლელ პრიორიტეტად რჩება რეგიონებში გამართული წყალმომარაგების უზრუნველყოფა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გასულ წელთან შედარებით რეგიონებში წყალმომარაგების გაუმჯობესებას 348 მლნ ლარით მეტი მოხმარდება.

„2019 და 2020 წლებში წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების გაუმჯობესებისთვის 500-მდე მლნ ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ და მხოლოდ 2020 წელს დასრულებული პროექტების შედეგად 322 ათას ადამიანს გავუუმჯობესეთ წყალმომარაგების გრაფიკი და წყლის ხარისხი.

150 დასახლებაში მიმდინარე პროექტების დასრულების შედეგად დამატებით 360 ათას ადამიანს ექნება გაუმჯობესებული წყალმომარაგება, მათ შორის 220 ათას ადამიანს პირველად მოვემსახურებით ცენტრალური წყალმომარაგების ქსელით.

წინა წელთან შედარებით 2021 წელს წყალმომარაგების გაუმჯობესებაზე 70%-ით მეტი თანხები მიემართება. ხოლო, 2012 წელთან შედარებით წყლის კომპანიის დაფინანსება 10-ჯერ არის გაზრდილი. თუმცა, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის პარალელურად, აუცილებელია წყალმომარაგების სისტემის მართვის გაუმჯობესება, კორპორატიული მართვის სისტემის დანერგვა, კერძო ინვესტიციების წახალისება. რა თქმა უნდა, მთავრობის მიერ დაანონსებული - სახელმწიფო საწარმოების რეფორმისა და პრივატიზაციის გეგმის ფარგლებში, მოხდება სამინისტროს სისტემაში არსებული წყალმომარაგების სახელმწიფო კომპანიის რეფორმირება და კერძო ინვესტიციების მოზიდვა“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.