პანდემიის მიუხედავად, გასული წელი მნიშვნელოვანი შედეგებით დავასრულეთ,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას “მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტი კვლავ გადაჭარბებით - 121%-ით შესრულდა.
„პირველად სამინისტროს ისტორიაში, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაში 2 მილიარდ 200 მილიონი ლარზე მეტი ჩაიდო. 2020 წელს გაწეული სამუშაოების შედეგად, ექსპლოატაციაში შევიდა 70 კმ ჩქაროსნული მაგისტრალი - ქუთაისის და ხაშურის შემოვლითი მაგისტრალები, ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთი; რეაბილიტაცია ჩაუტარდა 580 კმ შიდა-სახელმწიფოებრივ გზას; ქუთაისი, ზუგდიდი და ჭიათურა პირველად გადავიდნენ 24 საათიან წყალმომარაგებაზე; დასრულდა აბასთუმნის ისტორიული სახლების, ობსერვატორიის და საბაგირო გზის რეაბილიტაცია; ვანის არქეოლოგიური მუზეუმისა და მცხეთის მუზეუმის მშენებლობა; თბილისის „მზიურის“ პარკისა და ასურეთის რეაბილიტაცია; რეგიონებში აშენდა 20 ახალი სკოლა 1530 ბავშვისთვის, 17 საბავშვო ბაღი 1000-მდე ბავშვისთვის. დასრულდა გურჯაანისა და კასპის ინოვაციური ცენტრები და 500 დევნილ ოჯახის გადაეცა ბინები ზუგდიდსა და წყალტუბოში“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.