პანდემიის პირობებში თანამშრომლების მიმართ არასათანადო ზრუნვის ბრალდებით ნიუ-იორკს პროკურატურამ კომპანია Amazon-ს სასამართლოში უჩივლა. სარჩელი ნიუ-იორკის უზენაეს სასამართლოში შტატის გენერალური პროკურორის ლეტიცია ჯეიმსის სახელით შევიდა.
„მთელი პანდემიის პირობებში Amazon-ის შემოსავლები უპრეცენდენტოდ იზრდებოდა და ეს ყველაფერი ხდებოდა ადამიანების, მისი თანამშრომლების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ხარჯზე“ - წერია სარჩელში.
სარჩელი შეტანილია ნიუ-იორკის სტეიტე-აილენდისა და ქუინსის რაიონებში მდებარე საწყობების თანამშრომლის სახელით. მასში ნათქვამია, რომ ამ საწყობებში პანდემიის დროს მოხდა ეპიდაფეთქება, ახლა კი პროკურატურა კომპანიისგან მოითხოვს დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდას. ასევე ყველა სასამართლო ხარჯის დაფარვას. კომპენსაციის ოდენობა არ სახელდება.
როგორც ჯეიმსი აცხადებს, კომპანიის ხელმძღვანელობას ჰქონდა ინფორმაცია, რომ სულ ცოტა 250 თანამშრომელი ჰყავდა დაინფიცირებული ერთ-ერთ საწყობში, თუმცა არ მიიღო სათანადო ზომები დანარჩენების დაცვისთვის. კორპორაციამ არ მოახდინა სათანადო იზოლაცია, სათანადოდ არ ნიავდებოდა ობიექტი და ასევე დროულად არ გამართა გასაუბრება ინფიცირებულებთან, რათა დაედგინა მათი კონტაქტების წრე. ამის ნაცვლად Amazon-მა 3 დღე დახარჯა კამერების ამონაწერის ნახვაში და ისიც კი არასრულად.
ერთ-ერთი დაზარალებული კრისტიან სმოლსი კი, რომელიც ხელმძღვანელობის ამგვარ მიდგომას ხედავდა, კომპანიის პარკინგის ეზოში საპროტესტო აქციებს მართავდა ყურადღების მიქცევის მიზნით. ის გასული წლის გაზაფხულზე დაითხოვეს სამსახურიდან, რასაც პროკურატურა კომპანიის მხრიდან არაგამამართლებელ ნაბიჯად თვლის.
Amazon-მა პრეტენზიები უარყო. კომპანიამ ჩამოთვალა ყველა ის ზომა, რომელიც გაატარა ამ საწარმოებში პანდემიის დროს და აღნიშნა, რომ ეს ზომები სტანდარტულზე მკაცრიც კი იყო. შედეგებზე საუბრისას კი კომპანიამ მოიყვანა იმ ინსპექციის შედეგები, რომელიც მის ობიექტებში პოლიციამ ჩაატარა.